ვანო ჩხარტიშვილი ქონების სიმბოლურ ფასად დაბრუნების მიუხედავად, დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდის

ვანო ჩხარტიშვილს სახელმწიფოს მხრიდან მისთვის ქონების 1 ლარად დაბრუნების მიუხედავად, დაკისრებული ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს.

ბიზნესმენს 2010 წელს ჩამორთმეული 35 000 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიღნაღში, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე, 1 ლარად დაუბრუნდა.

მთავრობამ აღნიშნული ქონების სიმბოლურ ფასად „სომგოს კომპანიისათვის“ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება 4 აპრილს, მთავრობის #616 განკარგულებით მიიღო. როგორც ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა ღვინიაშვილმა bpn-ს განუცხადა, შ.პ.ს ”სონგოს” სამი მფლობელ-დამფუძნებელი იურიდიული პირი ჰყავს და მათ შორის ერთ-ერთი, ”სონატა ალიანსი” ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნის.

საჯარო რეესტრის თანახმად, სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ ”სონატა ალიანსს” ”სომგოს კომპანიის” 50%-იანი წილი ეკუთვნის. კომპანიის 40%-იანი წილი ასევე ოფშორული კომპანიის - ”გოსია ფაინენსინგს” (პანამა) საკუთრებაშია, ხოლო 10% - შპს ”მგ კომპანიის” საკუთრებაში.

მამუკა ღვინიაშვილი ამბობს, რომ შპს ”სონგოს კომპანიამ” სიღნაღში მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 2007 წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 1 მლნ ლარად შეიძინა. მისი თქმით, 2010 წელს ვანო ჩხარტიშვილს აღნიშნული ქონება სასამართლოს ძალით უკანონოდ ჩამოერთვა და ამას გარდა, ჯარიმის სახით 153 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.

”ჩამორთმეული ქონება ”სონგოს” სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუბრუნდა, თუმცა ჯარიმა 153 ათასი დოლარი არ მოხსნია და ვანო ჩხარტიშვილი მის გადახდას აპირებს,” - განაცხადა ღვინიაშვილმა bpn-თან საუბარში.

რაც შეეხება 1 ლარად დაბრუნებულ ქონებას და მასთან დაკავშირებულ გეგმებს, ვანო ჩხარტიშვილის კომპანიამ მთავრობის წინაშე გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებები აიღო.

კერძოდ, მთავრობის განკარგულების თანახმად, უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში ტურისტულ-დასასვენებელი/საწარმოო კომპლექსის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ მფლობელმა გადაცემულ უძრავ ქონებაზე უნდა ააშენოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმო და უზრუნველყოს მისი ფუნქციონირება. ასევე, გააშენოს სადემონსტრაციო ვენახი არანაკლებ ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე და ააშენოს არანაკლებ 50 - ნომრიანი (200 ადამიანზე გათვლილი რესტორნით) სასტუმრო, სადაც სულ მცირე, ერთი წლის ვადით არანაკლებ 30 ადგილობრივ მაცხოვრებელს დაასაქმებს.

საერთო ჯამში, მთავრობის განკარგულება მიწის მფლობელს არანაკლებ 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ავალდებულებს 3 წლის განმავლობაში. აქედან ინვესტორს 600 ათასი ლარი უკვე დახარჯული უნდა ჰქონდეს პროექტზე ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში.

ამასთან, შპს „სომგოს კომპანია“ საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას სულ მცირე, სამი თვით უნდა აღემატებოდეს.