"ეს თაღლითობა ფოთის ნავსადგურს სრულიად გააქრობს"

"ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს პრობლემა დაინახა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია”

1 მაისიდან ყველა იმპორტირებული ტვირთი მხოლოდ ფოთის ნავსადგურის მფლობელის, "აი პი ემ ტერმინალსის" ტერმინალში (რომელიც ამერიკული კომპანია "მაერსკის" ჰოლდინგში შედის) განბაჟდება, რასაც საქართველოში მოქმედი 40-ზე მეტი სატერმინალო, ლოგისტიკური კომპანია აპროტესტებს, რადგან ეს გადაწყვეტილება სარკინიგზო ტვირთების განბაჟების ტარიფს ზრდის, შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქტიც გაძვირდება, "აი პი ემ ტერმინალსი" კი ბაზრის მონოპოლისტად ჩამოყალიბდება.

ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს.

ლოგისტიკური კომპანია "ისთგეით გრუპის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი "ვერსიასთან" საუბრისას დეტალურად შიფრავს იმ სქემას, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანია (იმხანად, ფოთის ნავსადგურის მფლობელი არაბული "რაკია" იყო) მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების ნაწილში, მონოპოლისტურად იქცა და ყველაფერი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, "აი პი ემ ტერმინალსის" გადაწყვეტილებით, უარესი ტემპით გრძელდება. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

ირაკლი იაშვილი: 2010 წელს, შემოსავლების სამსახურის უფროსად გოგა ცხაკაია დანიშნეს, რომელიც ნამდვილად მანიაკი იყო - კომპანიების ხელმძღვანელების წამება დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. იმხანად, ფოთის ნავსადგური მართვაში არაბულ ”რაკია ჯგუფს” გადასცეს. შემოსავლების სამსახურისა და ”რაკიას” ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება შედგა, რომლითაც არაბებს გეზი-ს (გაფორმების ეკონომიკური ზონა, - ავტ.) შენობა უნდა აეშენებინათ, ხელისუფლება კი ტვირთების განბაჟების ექსკლუზივს დაპირდა. იმ დროს, საქართველოს ეკონომიკაში ჯართის ნაცვლად, პირველ ადგილზე, მსუბუქი ავტომობილები გადავიდა - აღმოაჩინეს, რომ საქართველოში მსუბუქი ავტომობილები დიდი რაოდენობით შემოდის და იმპორტისა და ექსპორტის ამ კომბინაციაში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ამიტომ ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება და ფულის გაკონტროლება გადაწყვიტეს. სხვათა შორის, ეს დავით კეზერაშვილსაც სურდა, მაგრამ ნავთობის ბიზნესითა და სარკინიგზო გადაზიდვებით იმდენად იყო დაკავებული, ამისთვის ვეღარ მოიცალა. მას შემდეგ, რაც თბილისსა და ფოთში გაფორმების ეკონომიკური ზონები შეიქმნა, გოგა ცხაკაიამ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების კორუფციული სქემა შეიმუშავა, რომელმაც ფოთის პორტის მფლობელ ”რაკიას”, გეზ-ის შენობის გვერდით, საკონტეინერო ტერმინალიც ააშენებინა და სწორედ აქ უნდა განებაჟებინა ნებისმიერ გადამზიდავ კომპანიას თავის ტვირთი. ”ისთგეით გრუპის” გარდა, მსოფლიოში სიდიდით მესამე საზღვაო კომპანია ”სი ემ ეის” წარმომადგენელიც ვარ, კომპანიას საქართველოში მსუბუქი ავტომობილები შემოჰყავს. ეს ინდუსტრია ასე მუშაობს: გემი და კონტეინერები, რომლებიც გემზეა, ჩვენი საკუთრებაა, საკუთრებაში გვაქვს ტერმინალიც ფოთის ნავსადგურში, სადაც ეს ტვირთი უნდა განბაჟდეს. აბსოლუტურად უზრუნველყოფილი და კონკურენტებისგან გამიჯნულები ვართ, მაგრამ გოგა ცხაკაიამ, ”რაკიინთან” მოლაპარაკების შემდეგ, ფოთში სხვა საკონტეინერო ტერმინალი ააშენა და ფინანსთა მინისტრის ზეპირი ბრძანების საფუძველზე, ყოველგვარი ნორმატიული აქტის გარეშე, საქართველოში შემოსული მსუბუქი ავტომობილების განბაჟება მხოლოდ ”რაკიას” საკურთებაში არსებულ ტერმინალში დაიწყეს, თანაც ეს უფლება ”რაკიას” ხუთი წლით, 2015 წლამდე გადასცეს...

ამასობაში, ფოთის ნავსადგურის მფლობელი შეიცვალა და არაბული ”რაკია” დანიურმა ”აი პი ემ ტერმინალსმა” ჩაანაცვლა, რომელიც გიგანტური ამერიკული კომპანია ”მაერსკის” ჰოლდინგში შედის. ”მაერსკი” და ჩემი პარტნიორი ”სი ემ აი” ზღვაშიც და ხმელეთზეც კონკურენტები არიან. ახალი ხელისუფლების პირობებში, მეგონა, ამ უსამართლობას ბოლო მოეღებოდა - ჩვენ ხომ ქონების დაბრუნებას არ ვითხოვთ, მხოლოდ ზეპირად გაცემული ბრძანების გაუქმება გვინდა. ნორმატიული აქტი რომ არსებობდეს, გავასაჩივრებდი მაინც, მაგრამ ზეპირი ბრძანება როგორ გავასაჩივრო, რომლითაც მებაჟე არც ერთ სხვა ტერმინალში არ უნდა მივიდეს, ”აი პი ემ ტერმინალსის” კუთვნილი ტერმინალის გარდა?! ახალი ხელისუფლების პირობებში რამდენიმე მაღალჩინოსანს შევხვდი და ამ პრობლემაზე ვესაუბრე. გავიდა თვეები, მაგრამ შედეგი ვერ ვნახე, ოფიციალური წერილებიც მივწერე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ბიზნესომბუდსმენს, პარლამენტს... მაგრამ მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო გამომეხმაურა. ფინანსთა სამინისტროშიც გაიმართა შეხვედრა, სადაც გვითხრეს, ასეთი რეჟიმი გვაწყობს, რადგან ადმინისტრირება ანუ ერთ ადგილზე ტვირთის დათვალიერება და განბაჟება მარტივიაო. ამ ლოგიკით, საბჭოთა კავშირიც აღვადგინეთ, რადგან მაშინაც ერთიანი სისტემა არსებობდა და ყველა პროცედურა მარტივი იყო...

სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, ახალი ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების მიერ მიღებულ კორუფციულ, ვერაგულ და თაღლითურ გარიგებას თუ გააგრძელებდა.

- ამ ფარული გარიგების შეწყვეტას ფინანსთა მინისტრის განკარგულება სჭირდება?

- დიახ, მხოლოდ ამ გარიგების გაუქმებაა საჭირო. ერთადერთი გზა დამრჩა და რომელსაც აუცილებლად მივმართავ: ორ დღეში ჩემი გემი შემოვა, რომელიც მსუბუქი ავტომობილებითაა დატვირთული და ჩემს ტერმინალში გადმოვტვირთავ. მივწერ საბაჟოს, რომ მებაჟე მობრძანდეს და ტვირთი განაბაჟოს. თუ არ მოვა, ამას სასამართლოში გავასაჩივრებ, რადგან საბაჟო ტერმინალის ლიცენზიანტი ვარ და როგორც მე მაქვს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება, ისევე ვალდებულია სახელმწიფო, ჩემს ტვირთს მოემსახუროს. სხვათა შორის, ”აი პი ემ ტერმინალსი” უფრო შორს წავიდა და მსუბუქი ავტმობილების გარდა, ყველა იმპორტირებული ტვირთი თავის ტერმინალში მიაქვს. ამ კომპანიასაც თავის ინტერესი აქვს - დაინახა, რომ სახელმწიფო უსუსურია და ზემოგებაზე ზრუნვა დაიწყო, მაგრამ თავმოყვარე სახელმწიფომ ეს არ უნდა დაუშვას. ამ საკითხს ორი კუთხით განვიხილავ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამ თაღლითობით აღშფოთებულია და როგორც დაინტერესებული პირი, რათა 20 წლის წინ შექმნილი კომპანია თავზე არ დამამხონ. ჩემს ტერმინალში 400 ადამიანია დასაქმებული და სტაბილურ ანაზღაურებას იღებს, მაგრამ ფოთის ნავსადგურში ჩემნაირი კიდევ რვა კომპანიაა, მხოლოდ ფოთში, 2 000 დასაქმებული ადამიანია, რომელიც ამ ვერაგული გადაწყვეტილების გამო, უმუშევრად რჩება, თან ყველას ბანკის კრედიტი აქვს აღებული - სტაბილური ხელფასის პირობებში, ხალხმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც დაიწყო, ამ თაღლითური გარიგების შედეგად, კი, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, ჰაერში რჩებიან. ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს პრობლემა დაინახა და მის მოგვარებას დაგვპირდა, ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილია. ფოთის ნავსადგურში დასაქმებულების გვერდით დგას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეც.

- ნოდარ ხადური ამ პრობლემას ვერ ამჩნევს?

- სამწუხაროდ, ვერა.

- ეკონომიკის მინისტრმა როგორ უნდა მოაგვაროს პრობლემა, სატრანსპორტო გადაზიდვები ხომ მის უწყებაში არ შედის?

- ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფარგლებში, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს საშუალებით მოგვარდება. ვფიქრობ, ეს სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს...

- ბატონო ირაკლი, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო 15 აპრილს ამოქმედდება და როგორ მოასწრებს ამ გადაწყვეტილების გაუქმებას 1 მაისამდე, თან რატომ უნდა დაავალოს ამ სააგენტომ ნოდარ ხადურს იმის გაკეთება, რაც ფინანსთა მინისტრს ისედაც მარტივად შეუძლია?

- ნოდარ ხადურის იმედი აღარ მაქვს. ხომ გითხარით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გვითხრეს, ერთ ადგილზე ადმინისტრირება მარტივიაო და მივხვდი, ჩვენს შორის დიდი კედელია აღმართული. სახელმწიფომ ინვესტორებს, მნიშვნელობა არ აქვს, ქართველია თუ უცხოელი, თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას... ხელისუფლებამ გააკეთა ტერმინალი, სადაც 400 სამუშაო ადგილი შექმნა, 2 000 ძველ თანამშრომელს კი უმუშევრად ტოვებს, ესაა ინვესტიცია? სამწუხაროდ, პარლამენტში საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება ამ საკითხს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესაც მივწერეთ და დავით უსუფაშვილსაც, მაგრამ უშედეგოდ. ერთი ტერმინალით ან ”სოკარის” სახით, გაზის ერთი მომწოდებლით, ქვეყნის ეკონომიკა წინ როგორ უნდა წავიდეს და როგორ განვითარდეს? ეს ბომბებია, რომელიც ნელ-ნელა აფეთქდება.

- ”აი პი ემ ტერმინალსის” ამ გადაწყვეტილებით იმპორტიც გაძვირდება?

- რა თქმა უნდა! როდესაც გემი ჩვენთან შემოდიოდა, მანქანის მფლობელს 15 წუთში გაჰქონდა საკუთარი ტვირთი, მაგრამ დღეს საუკეთესო შემთხვევაში, მეოთხე დღეს თუ გამოიყვან ტერმინალიდან მანქანას. გრძელი რიგებია, თანაც განბაჟების ფასი უკვე სამჯერ გაიზარდა. კონტეინერების ნახევარზე მეტი, ფოთიდან რკინიგზის საშუალებით გადის. ჩემი ტერმინალი, ერთდროულად, 45 ვაგონს ტვირთავს, ჩემი მეზობელი - 18 ვაგონს ანუ 8 ტერმინალს, რომელიც ფოთის ნავსადგურშია, ერთდროულად, 125 ვაგონის დატვირთვა შეუძლია. ”აი პი ემ ტერმინალსი” მხოლოდ 25 ვაგონს ტვირთავს და შედეგად, სარკინიგზო გამტარუნარიანობა უკვე 5-ჯერ შემცირდა. გარდა ამისა, განბაჟების ტარიფების მიხედვით, შავ ზღვაში, ფოთის ნავსადგური ყველაზე ძვირია, ეს თაღლითობა კი ფოთის ნავსადგურს სრულიად გააქრობს.

მაია მიშელაძე