"ენერგო-პრო ჯორჯია" დასაქმების პროექტს იწყებს

კომპანიის ინფორმაციით, სწავლების ბოლო ეტაპზე სტუდენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯიაში" 1-3 თვემდე ხანგრძლივობის სტაჟირებას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ენერგო-პროს", განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის მიხედვით, ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს და მიმდინარე წელს ჩაირიცხება პროფესიულ სასწავლებლებში ელექტრიკოსის, შემდუღებლის და სხვა მსგავსი პროფილის ფაკულტეტებზე, სწავლების პერიოდში კომპანიისგან 150-200 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს.

”ენერგო პროში” ამბობენ, რომ სტიპენდიის მიღების მსურველებმა, მიმდინარე წლის 27 აპრილამდე უნდა შეიტანონ განცხადება კომპანიის სათავო ოფისში, ან ფილიალებში. ასევე, მათ შეუძლიათ, განაცხადი კომპანიის ვებ-გვერდზე ელექტრონულად შეავსონ.

კონკურსის პირობების მიხედვით, განმცხადებლის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს, უნდა ჰქონდეს საშუალო განათლება და დაწყებით დონეზე ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენებს.