„GAMMA“  ნაყინის ბაზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

გასული წლის მონაცემებით, ნაყინის მწარმოებელ კომპანიებს შორის „ქართუ უნივერსალი“ უპირობო ლიდერი იყო და მან ბაზრის 45 % დაიკავა.

„ქართუ უნივერსალს“ მცირედ ჩამორჩება „ბარამბო“ (32%), ხოლო კომპანია „აისი“, რომლის პროდუქციასაც მომხმარებლები „გურჯაანის“ სახელით იცნობენ, ბაზრის 15%-ს ფლობს. ნაყინის სხვა მწარმოებლებმა რეალიზაციაში მხოლოდ 8% დაიკავეს.

როგორც დამოუკიდებელი კვლევის სააგენტო „GAM MA“ იუწყება, მომხმარებლებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით „ვაფლის ჭიქის“ ნაყინი სარგებლობს, რომლის წილად ბაზრის 46% მოდის, ორჯერ ნაკლები (23%) ერგო „ესკიმოს“, „კორნეტოს“ კი - 8%. კვლევის მიხედვით, „სენდვიჩს“ ნუგბარის მოყვარულთა მხოლოდ 5% ანიჭებს უპირატესობას. აღსანიშნავია, რომ ნაყინის სხვა კატეგორიებისთვის ბაზარზე საკმაოდ დიდი წილი - 18% დარჩა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ნაყინის ბაზრის კვლევა „GAMMA“ -მ უკვე დაიწყო და კვლევის ფარგლებში საქართველოს შვიდი დიდი ქალაქი მოექცევა.