ბელგიელი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდნენ

საქართველოს ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაცია სტუმრობს. ბელგიის უმსხვილესი ბიზნესკომპანიების პირველ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო გარემო იყო.

ბელგიის დელეგაცია, რომელსაც პრინცი ხუან ბაგრატიონი და ბენჟამინ ვან ოუდენჰოვე ხელმძღვანელობენ, ბელგიის 15-მდე წამყვანი ბიზნესკომპანიის პირველ პირებს აერთიანებს. მათ შორის არიან 142 კომპანიის მფლობელი NOVO BELGIUM HOLDING-ის წილის მფლობელი დომინიკ ჯანე; პრინცი ლეონელ დე მეროდე; ქიმიკატების, ლოჯისტიკისა და უძრავი ქონების სფეროში მომუშავე DOMO Group-ის მფლობელები ჟან დე კლერკი, გრეგორი კლერკი და სხვები.

ბიზნესმენების თქმით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ, უშუალოდ ქვეყნის პირველი პირებისგან იღებენ.