”ლიდერ ცემენტი” ფოთში ახალ ცემენტის ქარხანას აშენებს

24 აპრილს, სასტუმრო "რედისონში" ქართული კომპანია "ლიდერ ცემენტის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც კომპანიში ამბობენ, აღნიშნული პროექტი წარმოადგენს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქ. ფოთში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზით აღჭურვილი, ცემენტის ქარხნის მშენებლობას. პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, მშენებლობა ორ ეტაპად არის დაყოფილი. მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დასრულდება.

კომპანია "ლიდერ ცემენტი" 2012 წელს დაფუძნდა. იგი ფრანგულ გიგანტ კომპანია ,,LAFARGE”-თან თანამშრომლობს. კომპანია ცნობილია ბიზნესის მდგრადი განვითარებით, ინოვაციური პროდუქტების შექმნით და ცემენტის წარმოებით.

"ლიდერ ცემენტი" ახლო მომავალში დასავლეთ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების, ახალი ავტომაგისტრალების, პორტების და სხვა ინფრასტრუქტურული მშენებლობების ცემენტით მომარაგებას გეგმავს.

პროექტის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.