ქართული ღვინო ბელორუსის ბაზარზე ბრუნდება

6-თვიანი პაუზის შემდეგ, ქართული ღვინო ბელორუსის ბაზარზე ბრუნდება. ერთ-ერთი პირველი, ვინც ბელორუსში ღვინის ექსპორტს განაახლებს "თბილღვინოა".

ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, ნახევარწლიანი შეფერხების მიზეზი, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ბელორუსული ტრაქტორების შეძენაზე უარის თქმა გახდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის შეფერხების მიზეზი, მხოლოდ ბელორუსში მოქმედი მკაცრი ბიუროკრატიული პროცედურებია.

"აპრილის დასაწყისში მინსკში გაემგზავრა დელეგაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას ხელმძღვანელობით, რასაც კონკრეტული შედეგები მოჰყვა და სააგენტომ უკვე გასცა პირველი საექსპორტო სერტიფიკატები", - განაცხადა დავითაშვილმა.

ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც ბელორუსში ღვინის ექსპორტს განაახლებს "თბილღვინოა". კომპანიის პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ბელორუსში ღვინის შეტანაზე კომპანიის პარტნიორებმა უკვე მოიპოვეს აქციზური მარკები.

"თბილღვინო" ბელორუსში პირველ ეტაპზე 75 000 ბოთლი ღვინის გატანს გეგმავს.

კომპანიის მენეჯმენტი პირველი კვარტლის შედეგებით კმაყოფილია - გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130%-ით არის გაზრდილი. მარგველაშვილის განცხადებით, ამაში დიდი წვლილი რუსეთის ბაზრის გახსნას მიუძღვის, თუმცა როგორც "თბილღვინოში" აცხადებენ, კომპანია საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციაზე დიდი ხანია ზრუნავს და რუსეთის ბაზარს თუ არ ჩავთვლით, კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი 40%-ით არის გაზრდილი.

"თბილღვინოს" საექსპორტო ბაზრებში რუსეთი 25%-იანი წილით ლიდერობს, მეორე ადგილზე ყაზახეთია, რომელსაც ბალტიისპირეთის ქვეყნები მოსდევს. მარეგველაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს ჩინეთსაც.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილის თქმით, მომავალი წლიდან ბელორუსში დაგეგმილია კვოტების სისტემის მოხსნა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ამ ქვეყანაში ექსპორტის პოტენციალს. "ზოგადად, ბელორუსთან აქტიურდება სავაჭრო-ეკონიმიკური ურთიერთობები, დაგეგმილია რამდენიმე გამოფენაში მონაწილეობა, რაც სავაჭრო ურთიერთობებს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის", - განმარტავს დავითაშვილი.

ოფიციალური სტატისტიკით, 2014 წლის პირველ კვარტალში, რუსეთში 11 მილიონი ბოთლი (0.75 ლ) ქართული ღვინო გაიყიდა და საექსპორტო ბაზრის ლიდერი 71%-იანი წილით გახდა. საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულში შედის ასევე უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია. ქართული ღვინო პოპულარობით სარგებლობს ჩინეთსა და ლიტვაშიც. პირველ კვარტალში უცხოეთის ბაზრებზე სულ 15 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 243%-ით აღემატება.