”მარშრუტკებში” რადიომიმღებების მონოპოლიზაცია დაიწყო

#15 სამარშუტო ტაქსის მძღოლები პარალელს წინა ხელისუფლების დროს მომხდარ მსგავს შემთხვევასთან ავლებენ, როდესაც მათ რადიომიმღებში ყველა სიხშირე გაუთიშეს.

როგორც მძღოლები აცხადებენ, კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსმა” ისარგებლა იმით, რომ სადღესასწაულო დღეებში სამარშრუტო ტაქსები ავტოსადგომზე იყო გაჩერებული და მძღოლებთან შეთანხმების გარეშე, სხვა სიხშირეები გათიშა და მხოლოდ რადიო ”უცნობი” დატოვა.

მათივე განმარტებით, ”თბილისის მიკროავტობუსი” კომპენსაციის სახით მათ სამედიცინო დაზღვევას დაპირდა - მგზავრის დაშავების შემთხვევაში, მისი მკურნალობის ხარჯებს დაზღვევა აანაზღაურებს.

მძღოლების ინფორმაციით, მათი მიკროავტობუსების მსგავსად, რადიო სიხშირეების გამორთვა ეტაპობრივად სხვა სამარშუტო ხაზებზეც მოხდება და ამის შემდეგ მგზავრებს გადაადგილებისას მხოლოდ რადიო ”უცნობის” მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსსა" და რეჟისორ გოგა ხაინდრავას შორის გაფორმდა "ურთიერთგაგების მემორანდუმი", რომელიც სამარშრუტო ტაქსებში რადიო "უცნობის" ბაზაზე სტაციონარული რადიოს გამართვასა და მოწყობას ითვალისწინებს.

როგორც "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნინო პოტრჟებსკაია აღნიშნავდა, ამ ტიპის რადიოს მოწყობა მძღოლებთან ნებაყოფლობით შეთანხმების შედეგად მოხდებოდა და, შესაბამისად, მიკროავტობუსებში სხვა რადიოების მოსმენა არ დაიბლოკებოდა.