ქართულ ბაზარზე შავი პამიდორიც შემოვა?

მალე შავი პამიდვრის ჯიშს შემოვიტანთ, რომელიც ჩვენებურ პამიდორზე არანაკლებ გემრიელია.

ჩვენმა თურქმა აგრონომმა გვითხრა, ჭოპორტის პამიდვრის გემო რომ გავიგე, გადავწყვიტე შავი პამიდვრის შემოტანა, აქაურებს იმაზე ნაკლებად არ მოეწონებათო...

ამჟამად ყველა, ვინც საკარმიდამო ნაკვეთი დაბარა, დაფარცხა და საბაღედ მოამზადა, უკვე იმაზე ფიქრობს, როგორ იშოვოს სანდო ჩითილები, რომლებიც ისეთ მოსავალს მისცემს, რომ შრომა წყალში არ ჩაეყაროს. საბედნიეროდ, ახლა ბაღჩა-ბაღებს უკვე ქალაქში ან ქალაქის ტიპის დასახლებაშიც აშენებენ, ჩითილების შესაძენად კი ხალხი ბაზარში დადის. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ წლეულს ჩითილების გამოყვანა სათბურებშიც გადაწყვიტეს. სწორედ ასეთი სათბური ვიპოვეთ, სადაც ხასხასა პამიდვრის ჩითილებიც გამოჰყავთ. ალბათ მიხვდებით, რატომ ვკითხე პირველად სათბურის მენეჯერ მალხაზ სირბილაძეს, რატომ დაკარგა გემო პამიდორმა და შევძლებთ თუ არა მისი გემოს "უკან დაბრუნებას"?

- სამწუხაროდ, ახლა ძნელად წააწყდებით გემრიელ პამიდორს. თუმცა სოფლებში დღესაც შეიძლება ჩვენებური პამიდვრის ჯიშის მოძიება და მისი თესლის შენახვაც. ისე, ის პამიდორი, რომელსაც მაგარი შიგთავსი აქვს, უმეტესად უცხოეთიდან, კერძოდ, თურქეთიდან შემოდის. ასეთი პამიდორი დამწიფების დამაჩქარებელი სასუქით არის გაჯერებული.

- ბევრი ამბობს, რომ გორის ან მარნეულის პამიდორსაც დაეკარგა გემო.

- გლეხებისგან ხშირად გამიგია, პამიდორს ვეღარ ვახარებთ - საკმარისია, წვიმის შემდეგ თუნდაც უკვე ნაყოფდასხმულ და მოძლიერებულ პამიდვრის ნერგს მზემ დახედოს, რომ ფოთლები და ნაყოფი უშავდება და ლპებაო. ასეც არის. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი. მაგალითად, თუკი წვიმის მეორე დღესვე პამიდორს კირხსნარით ან უკვე სანდო ქიმიკატით შევწამლავთ, აღარ დალპება. რაც შეეხება ქართულ ჯიშებს, საბედნიეროდ, ჩვენ არა მხოლოდ პამიდორი, არამედ სხვა ბევრი ისეთი მცენარეც გვაქვს, რომლებიც ჩვენს მიწაზე უგემრიელეს ნაყოფს ისხამს და მიმაჩნია, რომ ამ მცენარეების გამრავლებაზე თვალისჩინივით უნდა ვიზრუნოთ. მაგრამ არც ის უნდა დავიჩემოთ, გინდა თუ არა მხოლოდ ჩვენი უნდა ვახაროთო.

პამიდორი სამხრეთ ამერიკიდან შემოვიდა. მას ინდიელები "ოქროს ვაშლს" ეძახდნენ. დედამიწა ისეა მოწყობილი, მისი კუთხეები ერთმანეთს ამდიდრებს, თითქოს ქარიც იმიტომ არსებობს, რომ თესლი ადგილიდან ადგილზე გადაიტანოს.

- თქვენ რომელი ჯიშის პამიდვრის ჩითილები გაქვთ გამოყვანილი?

- ჭოპორტის პამიდვრის ჩითილები გამოვიყვანეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჩითილებიც ისეთივე გემრიელ პამიდორს დაისხამს, როგორსაც ჭოპორტში ისხამს.

- ყოველთვის, როცა გლეხი ჩითილს რგავს, მის გამძლეობაზე ფიქრობს. ბევრჯერ ჩითილი სუსტია, "ფეხზე ვერ დგება".

- ჩითილი რომ გაძლიერდეს, აუცილებელია კარგი მოვლა. ჩითილს ნაკელით ან სასუქებით განოყიერებულ მიწაში ვრგავთ, თავდაპირველად სანამ მიწას შეეთვისება, ისედაც "ვერ დგება ფეხზე". მერე კი თანდათან ძლიერდება. ამის შემდეგ აუცილებელია 8-10 დღეში ერთხელ კირხსნარით შევწამლოთ.

- თქვენ რით ანოყიერებთ მიწას?

- ორგანული ტორფით, რომელიც უცხოეთიდან ჩამოგვაქვს, რადგან ჩვენთან არ მოიპოვება. ტორფით ვანოყიერებთ ბადრიჯნის, ბულგარული წიწაკის, სალათის ჩითილებსაც. მალე შავი პამიდვრის ჯიშს შემოვიტანთ. თესლი ისრაელში შევიძინეთ. დამერწმუნეთ, ჩვენებურ პამიდორზე არანაკლებ გემრიელია. ჩვენმა თურქმა აგრონომმა გვითხრა, ჭოპორტის პამიდორი რომ შევჭამე და მისი გემო გავიგე, იმიტომაც გადავწყვიტე შავი პამიდვრის შემოტანა, აქაურებს იმაზე ნაკლებად არ მოეწონებათო.

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე : Black tomatoes to be imported to Georgia