"აეროფლოტი" თბილისში ფრენაზე უარს ამბობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "აეროფლოტს" რეკომენდაცია მისცა, უარი თქვას საქართველოში რეგულარულ რეისებზე.

ამ წლის აპრილიდან რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტი" საქართველოში რეგულარული რეისების განხორციელებას გეგმავდა.  ივარაუდებოდა, რომ კომპანია თბილისში ყოველდღიურ რეისებს შეასრულებდა.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "აეროფლოტს" რეკომენდაცია მისცა, უარი თქვას საქართველოში რეგულარულ რეისებზე. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ამჟამად არსებული რეისები, მგზავრთა საჭიროების უზრუნველსაყოფად საკმარისია. ამის გამო თბილისში, "აეროფლოტის" საფრენი პროგრამა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ამჟამად საქართველოში ფრენებს ორი რუსული ავიაკომპანია "სიბირი" და "ურალსკიე ავიალინიი" ასრულებს. ასევე, რეისებს ახორციელებს ქართული გადამზიდი Georgian Airways-ი.  აღნიშნული ავიაკომპანიები ჩარტერულ რეისებს ახორციელებენ, რადგან საქართველო-რუსეთს შორის არ არსებობს რეგულარული ავიაკავშირის შესახებ შეთანხმება. ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. ჩარტერული რეისების შესრულება კი 2010 წლის აგვისტოდან დაიწყო. ამჟამად რეისები სრულდება მოსკოვიდან და ეკატერინბურგიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით. აღნიშნულ რეისებზე ორმხრივი ფრენის საფასური 28 000 რუბლს შეადგენს.

"როგორც ჩანს "აეროფლოტის" მიერ ფრენებზე უარის თქმა პოლიტიკურ მიზეზებთანაა დაკავშირებული. განსხვავებული გადაზიდვები, ჯანსაღი კონკურენცია რომელსაც ავიაბილეთების ფასის შემცირებისკენ მივყავართ, ტურისტული ინდუსტრიისთვის სასარგებლოა. ამჟამად საქართველოს მიმართულებით ბილეთის ფასს და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სხვადასხვა ტურებს იაფს ვერ ვუწოდებთ",- განაცხადა კომპანიია Travelsystem-ის დირექტორმა ირინა ლურიემ.

კომპანია "ალეანის" გენერალური დირექტორი ილია უმანსკი მიიჩნევს, რომ ამჟამად "აეროფლოტის" რეისების არარსებობა მიმართულებებზე გავლენას არ იქონიებს, რადგან რეალურად საქართველოსთან ეს ავიამიმართულება ისედაც  არ არსებობს.

"საქართველოს მიმართულებით ნორმალური გადაზიდვები არ არსებობს, თუ არსებობს და ძალიან ძვირი ღირს. ჩვენ ველოდით "აეროფლოტის" პროგრამას, მასზე გათვლას ქართული კომპანიებიც აკეთებდნენ, რადგან ისინი დაინტერესებულნი არიან რუსი ტურისტების მოზიდვით. თუმცა, იმ დრომდე, ვიდრე არ იქნება გადაზიდვები, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ საქართველოს მიმართულების ფრენების განვითარებისთვის, არაეფექტური იქნება", - აღნიშნა ექსპერტმა.

კონსტანტინ პოღოსოვმა, რომელიც კომპანია "ასტრაველში" ქართული მიმართულების ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ "აეროფლოტის" ახალ რეისებს ტურისტული ბაზარი ძალიან ელოდა.  "საქართველოსთან რეისები მნიშვნელოვანია, ამჟამად ბილეთებზე ფასი მაღალია და სწორედ ეს აჩერებს ტურისტებს - გაემგზავრონ საქართველოში", -აღნიშნა პოღოსოვმა.  მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, რეგულარული რეისები მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო არ გაუქმდა. პოღოსოვის აზრით, შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყო რისკთან, რომ არ მოხდებოდა ბორტების სრული დატვირთვა.