სამსახური უმუშევრებისთვის

ტაქსის ბიზნესი ევროსტანდარტებს უნდა მოერგოს.

ამჟამად საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, უამრავი ადამიანი ასაკისა და პროფესიის მიუხედავად საკუთარი, თუ ნაქირავები მანქანით ”ტაქსაობს” და ოჯახს არჩენს.

არაოფიციალური მონაცემებით, ტაქსების რაოდენობა ჯამში დაახლოებით 50 ათასს შეადგენს, თუმცა ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ამ ბიზნესს ქვეყანაში არავინ აკონტროლებს და, შესაბამისად, ჯერჯერობით არც მათი აღრიცხვით დაინტერესებულა ვინმე.

როგორც კერძო ტაქსის მძღოლები აცხადებენ, ბოლო დროს კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა და თუ ამას 2015 წლის მარტიდან სავალდებულო ტექდათვალიერებაც დაემატება, მძღოლების ნახევარზე მეტი, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს.

გია გიორგაძემ ”ტაქსაობა” თითქმის ნახევარი წელია დაიწყო. ამ საქმით დღეში საშუალოდ, 35-40 ლარის გამომუშავებას ახერხებს, თუმცა ფიქრობს, რომ თუკი სავალდებულო ტექდათვალიერება მართლაც ამოქმედდება, ”ტაქსაობაზე” უარის თქმა მოუწევს:

”მანქანა 18 წელზე მეტი ხანდაზმულობისაა, არ აქვს კატალიზატორი, ძრავაც არ არის მწყობრში და მის გასამართად 1000 ლარზე მეტი დამჭირდება. ეს თანხა კი ჩემი მანქანის ღირებულების თითქმის ნახევარს შეადგენს”- აცხადებს გია გიორგაძე.

დედაქალაქში ტაქსაობის დასაწყების მსურველებისთვის განსაკუთრებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ არის საჭირო. მთავარია მართვის მოწმობა და მუშაობის სურვილი გქონდეთ.

როგორც ექსპერტი ავტოტრანსპორტის საკითხებში, დავით მესხიშვილი აცხადებს, არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ტაქსების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა, მათი უმრავლესობა კი დამოუკიდებლად, ყოველგვარი შემოწმებისა და წინაპირობის გარეშე იწყებს მუშაობას და არ გადის ტექდათვალიერებას, რაც საფრთხეს უქმნის როგორც მომხმარებელს, ისე გარემოს:

”საქართველოსგან განსხვავებით, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ტაქსაობა რეგულირებადი საქმიანობაა. მაგალითად, გერმანიაში, ვიდრე პირი დაიწყებს საქმიანობას, აუცილებლად უნდა გაიაროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, არ უნდა იყოს წარსულში ნასამართლევი კრიმინალური დანაშაულის გამო, არ უნდა იყოს წამალდამოკიდებული და არ მოიხმარდეს ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით. რაც შეეხება ავტომანქანის ტექნიკურ დათვალიერებას, ამ შემთხვევაში თავად კომპანია აგებს პასუხს და არა კონკრეტული პიროვნება. ვინაიდან საზღვარგარეთ, როგორც წესი, ამ ბიზნესს კომპანიები უდგანან სათავეში და არა ინდივიდუალური პირები” - განმარტა დავით მესხიშვილმა.

თუკი კომპანიების რაოდენობასა და სერვისებს გადავხედავთ, ვერ ვიტყვით, რომ კომფორტული მგზავრობის მოყვარულები არჩევანის ერთფეროვნების წინაშე დგანან. ე.წ. „კერძო ტაქსის“ გარდა, ქალაქში სხვადასხვა ტიპის კომპანიების ტაქსებიც უხვად მოძრაობენ, მათი მომსახურების სერვისი გაცილებით უკეთესია - კვალიფიციური თანამშრომლები, გამართული მანქანები და სისწრაფეზე ორიენტირებულობა. მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც, მოიძებნება ისეთი კომპანიები, რომლებსაც საკუთარი ავტომობილები ჰყავთ და ტექდათვალიერების პროცედურასაც თავად უზრუნველყოფენ. ასეთ კომპანიებში მანქანების ხანდაზმულობა საშუალოდ 5-დან 7 წლამდე მერყეობს.

როგორც ერთ-ერთი ასეთი კომპანიის მენეჯმენტში განგვიმარტეს, მომხმარებლის კომფორტის გარდა, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვაა. ყველა მანქანა შეესაბამება უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს, აღჭურვილია კონდიციონერითა და ტაქსომეტრით.

შეგახსენებთ, რომ შსს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, 2015 წლის 1 მარტიდან საქართველოში რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება. როგორც მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ ავტოტრანსპორტის მფლობელებს. შესაბამისად, რთულია იმის პროგნოზირებაც, თუ რა ბედი ელის ქვეყანაში ათიათასობით კერძო ტაქსს.

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა ევროსტანდარტებთან უნდა იყოს შესაბამისობაში, რამაც, თავის მხრივ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება უნდა გაზარდოს და დადებითად აისახოს გარემოს დაცვაზე.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში საავტომობილო პარკი მოძველებულია. ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც თავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების 40%, რომლის წილი ქალაქის დაბინძურებაში 95%-ზე მეტია.

სალომე შიხაშვილი