ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ფილმის გადაღება დაიწყო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, 35-სერიანი შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი გახდება ქართული ღვინის საპრეზენტაციო და საპრომოციო მასალა, ერთგვარი სავიზიტო ბარათი, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მაყურებლისთვის.

სააგენტოს ინფორმაციით, მასში მოთხრობილი იქნება ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, მსოფლიოს წამყვან ღვინის ქვეყნებზე. ფილმის სერიები მიეძღვენება ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიას, ღვინის დაყენებას და მის ნაირსახეობებს, ღვინის დეგუსტაციის წესებს, საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარ რეგიონებს, წამყვან ჯიშებს, სხვა ღვინო-პროდუქტებს (ჭაჭა, ბრენდი, ცქრიალა ღვინო), მარნებს, მეღვინეებს და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს. სპეციალური სერია დაეთმობა ქართულ გასტრონომიას, უნიკალურ კერძებსა და მათ შეხამებას ღვინოებთან.

ფილმის სცენარისტია თამარ ბართაია. ფილმის შექმნაში აქტიური წვლილი შეაქვს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. პროექტის მხარდამჭერები კი არიან ასოციაცია "ქართული ღვინო", საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი".