”ემბავუდი” - წარმატებული ბიზნესის ისტორია

კომპანიის ქსელში 1000-მდე ადამიანია დასაქმებული.

ხარისხიანი, თანამედროვე, კომფორტული და ხელმისაწვდომი ფასების მქონე ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია - ეს ის კრიტერიუმებია, რომელიც ალბათ, ყველაზე უკეთ ესადაგება კომპანია ”ემბავუდს”.

კომპანიის ისტორია 18 წლის წინ, აზერბაიჯანში დაიწყო, 2007 წელს კი მისი წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნა. ”ემბავუდის” ადგილობრივმა წარმომადგენლობამ იმ დროისთვის თამამი ნაბიჯი გადადგა და მომხმარებელს საკუთარი წარმოების, საქართველოში დამზადებული ავეჯი შესთავაზა. იმ პერიოდისთვის ეს ავეჯის ბაზარზე ერთგვარი სიახლე იყო, რადგან მომხმარებელი უპირატესობას ძირითადად ევროპულ ავეჯს ანიჭებდა.

კომპანიის მიერ გადადგმულმა ამ თამამმა ნაბიჯმა გაამართლა - 2009 წელს ”ემბავუდმა” თბილისში უკვე პირველი მაღაზია გახსნა, რომელიც საკმაო წარმატებით დამკვირდა ავეჯის ბაზარზე, შესაბამისად, პირველ მაღაზიას მალე მოჰყვა მეორე, მესამე. დღეს ”ემბავუდი” ორი ფაბრიკის და ქვეყნის მასშტაბით 32 მაღაზიის მფლობელია, რომელთაგან რვა - თბილისშია განთავსებული, 12 - აღმოსავლეთ საქართველოში, 12 კი დასავლეთ საქართველოში, საერთო ჯამში კი კომპანიის ქსელში 1000-მდე ადამიანია დასაქმებული.

ბუნებრივია, წარმატება თავიდანვე არ მოსულა და მას ახლდა გარკვეული სირთულეები. თუმცა ”ემბავუდის” მიერ საკუთარ საამქროებში დამზადებულმა ადგილობრივი წარმოების ავეჯის მაღალმა ხარისხმა, დახვეწილმა დიზაინმა და ხელმისაწვდომმა ფასმა განაპირობა ის წარმატება, რომლის წყალობითაც დღეს კომპანია ერთ-ერთი ლიდერია ავეჯის ბაზარზე.

”რა თქმა უნდა, თავიდან უცნობი იყო, როგორ მიიღებდა მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების ავეჯს, რაც ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ცოტა რთული იყო. მაგრამ თანდათან ქართულ პროდუქციაზე, მათ შორის ავეჯზე საზოგადოების მოთხოვნა გაიზარდა, დამოკიდებულება კი პოზიტიურად შეიცვალა. ჩვენ ყოველთვის ვაღიარებდით, რომ ჩვენი ავეჯი საქართველოში იყო წარმოებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ასევე ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც მომხმარებელს, მათ შორის რეგიონებში, მისაღები ფასი შესთავაზა”, - აცხადებს ”ემბავუდის” მარკეტინგის მენეჯერი გიგი თუთბერიძე.

”ემბავუდი” ასევე ავეჯის მწარმოებელი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ადგილობრივი ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული სერვისი შესთავაზა - 2-წლიანი გარანტია და ავეჯის ადგილზე უფასო მიტანა და მონტაჟი. 2-წლიანი გარანტია ნებისმიერი ქარხნული წუნის შემთხვევაში ავეჯის დაზიანებული ნაწილების უფასოდ შეცვლას გულისხმობს. ადგილზე უფასო მიტანა და მონტაჟი კი მთელი ქსელის მასშტაბით, ყველა ქალაქში მოქმედებს. მომხმარებელს, რომელიც თბილისს გარეთ ცხოვრობს, აბსოლუტურად იგივე პირობებით შეუძლია ისარგებლოს, რითაც დედაქალაქში სარგებლობენ.

”ჩვენ არ გვაქვს განსხვავებები არც ფასებში და არც სერვისში. პასუხს ვაგებთ ჩვენი პროდუქციის ხარისხზე. გარდა ამისა, ჩვენთან ურთიერთობა უფრო ადვილია, ვიდრე ევროპული ავეჯის მწარმოებელთან, რადგან მომხმარებელს ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლია დაგვიკავშირდეს ჩვენი ცხელი ხაზის ან ”ფეისბუქის” გვერდის მეშვეობით. ასევე მზად ვართ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე მოვახდინოთ დროული და სწორი რეაგირება. სწორედ ეს არის ჩვენი სიძლიერე. ჩვენი კომპანია მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ, მომხმარებელთან დაახლოებისა და მისი მოთხოვნის შესრულებისთვის. ყურადღების მიღმა არ გვრჩება თუნდაც ერთი ჭანჭიკის დაზიანების შემთხვევა. ჩვენი ერთ-ერთი სიძლიერე სწორედ მომხმარებელთან ახლოს ყოფნაა”, - აღნიშნავს კომპანია ”ემბავუდის” მარკეტინგის მენეჯერი გიგი თუთბერიძე.

საქართველოში, ”ემბავუდის” მაღაზიებში მისულ მომხმარებელს კომპანია თანამედროვე დიზაინით დამზადებულ, მრავალფეროვანი ასორტიმენტის მქონე 5 სახეობის - სამზარეულო, საძინებელი, მისაღები, საბავშვო, რბილი ავეჯი - 100-ზე მეტ მოდელს სთავაზობს. ამასთან, კომპანიის დიზაინერები ყოველწლიურად ანახლებენ ავეჯის მოდელებსა და ასორტიმენტს. უახლოეს ხანებში კი კომპანია მის ქსელში არსებულ ეკონომსეგმენტის ავეჯთან ერთად, მომხმარებელს პრემიუმ კლასის ავეჯს შესთავაზებს, რომელიც ”ემბავუდის” ტრდიციისამებრ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დამზადებული.

”ჩვენი ფაბრიკები თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი, ავეჯის დამზადება კი გერმანული ტექნოლოგიით ხდება. ყველანაირი ნედლეული, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ევროკავშირიდან შემოგვაქვს და ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის”, - აღნიშნავენ ”ემბავუდში”.

თუმცა, კომპანია მიღწეულზე არ ჩერდება და ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე ბიზნესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქციასთან ერთად, სხვა დამატებითი სერვისები შესთავაზოს მომხმარებელს და ”ემბავუდში” დამზადებული ავეჯით შეუქმნას მას კომფორტი და სიამაყის განცდა გაუჩინოს.

”სიახლეებიდან ყველაზე ახლო გეგმა ბათუმში რიგით მეორე მაღაზიის გახსნაა, რომლის საერთო ფართი 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი იქნება. უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება ახალი მოდელების შემოტანა ბაზარზე, რომელიც იქნება განსხვავებული დიზაინის და თანამედროვე ტრენდების შესაბამისი”, - ამბობს ”ემბავუდის” მარკეტინგის მენეჯერი, გიგი თუთბერიძე.

მართალია, საქართველოში ”ემბავუდი” ჯერ მხოლოდ შვიდ წელს ითვლის, მაგრამ

მთავარი გზავნილი, რაც ამ ხნის განმავლობაში შეიძლებოდა კომპანიას მომხმარებელთან მიეტანა, წარმატებით შესრულდა - საქართველოში შეიძლება დამზადდეს ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ხარისხის ავეჯი და ”ემბავუდი” ერთ-ერთია, ვინც მომხმარებელს სწორედ ასეთ ავეჯს სთავაზობს.

მარი ჯავახიშვილი