დასაქმების და უძრავი ქონების სააგენტოები იხურება

ხალხს ფული არ აქვს, კომპანიებს კი სამუშაო ადგილები

დასაქმებისა და უძრავი ქონების სააგენტოებს პრობლემები აქვთ. რამდენიმე კომპანია უკვე დაიხურა, ზოგიც - დახურვის პირასაა. უძრავი ქონების ბაზარზე ამის მიზეზი მაღალი კონკურენცია და საინვესტიციო აქტივობის შემცირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბინებისა და კომერციული ფართების რეალიზება თითქოს იზრდება, ის ვერ აისახება უძრავი ქონების სააგენტოების საქმიანობაზე.

დღესდღეობით ბინების ყიდვა-გაყიდვა, უმეტესწილად სააგენტოების გვერდის ავლით, დამოუკიდებელი მაკლერების შუამდგომლობით ან მათ გარეშე ხორციელდება. ამიტომ უძრავი ქონების შუამავლობით დაკავებული კომპანიები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება დასაქმების სააგენტოებს, მართალია, სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა დიდია, კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტი შეიმჩნევა. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ბოლო დროს ამ ტიპის ორგანიზაციების მიმართ სამსახურის უვადოდ მაძიებლებს უნდობლობაც აქვთ.

მოკლედ, რამდენიმე მიზეზია, რამაც დასაქმებისა და უძრავი ქონები სააგენტოები დახურვამდე მიიყვანა. ბოლო პერიოდში ბაზარზე 20 სააგენტო დაიხურა.

როგორც ”კომერსანტს” უძრავი ქონების სააგენტო ”რენესანსში” განუცხადეს, ბოლო პერიოდში მეორად ბინებზე მოთხოვნა შემცირებულია. წინა წელთან შედარებით მიმართვიანობა თითქმის განახევრებულია, რაც უძრავი ქონების სააგენტოს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს. ”რენესანსში” ამის მიზეზს ვერ ასახელებენ.

ბინების შეძენის მსურველთა დაბალ აქტივობას უჩივიან უძრავი ქონების სააგენტო ”რეალთიშიც”. მათი ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით მეორად ბინებზე მოთხოვნა შემცირებულია.

უძრავი ქონების სააგენტო ”ბერუკას” წარმომადგენელი ავთანდილ გუგეშაშვილი კი აღნიშნავს, რომ სააგენტოების უმეტესობა კონკურენციას ვერ უძლებს. მთავარ კონკურენტად გუგეშაშვილი ინტერნეტსა და ბეჭდურ მედიას მიიჩნევს, რამაც სააგენტოებს კლიენტების ნაწილი წაართვა. ცალკე პრობლემაა მომსახურების კულტურის დაბალი დონე საქართველოში.

”პრობლემა ნამდვილად არის. ბოლო დროს შეკვეთების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ბინების ყიდვა-გაყიდვის მსურველები ყოველთვის ცდილობენ დამოუკიდებლად იმოქმედონ და სააგენტოების ფასიან მომსახურებას გვერდი აუარონ. შეიძლება ამის მიზეზი მომსახურების დაბალი დონეა, რასაც ყოველთვის ადგილი ჰქონდა და ამ ფაქტს ვერ გავექცევით.

დიდი პრობლემაა ასევე კონკურენცია. დღეს უამრავი სააგენტო და გაზეთია, საიდანაც მომხმარებელს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება შეუძლია და ზედმეტი ფულის გადახდას ყველა გაურბის. კლიენტი მაქსიმალურად ცდილობს პროცენტი სააგენტოს არ გადაუხადოს. ხალხში არ ტრიალებს ფული, საინვესტიციო აქტივობა შემცირებულია და ეს ყველაფერი ბაზრისთვის ძალიან ცუდია. ასეთ პირობებში ისევ ჩვენ ვზარალდებით. სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, რომ სააგენტოებმა მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლეს”, - აცხადებს ავთანდილ გუგეშაშვილი.

დასაქმების სააგენტოების წარმომადგენლები მათ საქმიანობაში ყველაზე დიდ პრობლემად კვალიფიციური კადრების სიმცირეს ასახელებენ. კომპანია ”ნიუ სერვისში” აცხადებენ, რომ მოთხოვნა შენარჩუნებულია, მაგრამ კადრებში პრობლემა აქვთ, რაც დასაქმების პროცესს აფერხებს.

”მოთხოვნა გამოცდილ, პროფესიონალ კადრებზე ყოველთვის იყო და დღემდე ასეა. დამკვეთი ითხოვს კვალიფიციურ პერსონალს, რომელიც რეალურად არ არის. განათლებასთან ერთად, ყურადღება ექცევა გამოცდილებასაც. უამრავი ნიუანსია, რომელიც სამსახურის მაძიებელმა უნდა დააკმაყოფილოს.

ყველაზე მოთხოვნადი ჩვენთან მაინც ძიძის საქმიანობაა, პროფესიონალები აქაც ჭირს. ხშირად შეკვეთა იმის გამო ჩაგვვარდნია, რომ ადამიანმა შემოთავაზებული კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა”,- აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია ”ჯუთი ბუმის” წარმომადგენელი შეკვეთების შემცირებას ადასტურებს, თუმცა მიზეზად ამ შემთხვევაში სეზონს მიიჩნევს. ზაფხულის პერიოდში ყოველთვის დაბალი აქტივობაა. ძირითადი პრობლემა, რასაც ორგანიზაციაში დასაქმების მიმართულებით აწყდებიან, ამ შემთხვევაშიც კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

”შეკვეთები შეგვიმცირდა, ზაფხულია და ამ პერიოდში ნაკლები დატვირთვა გვაქვს. ძირითადი პრობლემა, რომელსაც ვერ გავექცევით, არაპროფესიონალიზმია. გამოცდილი, კვალიფიციური კადრების მოძიება გვიჭირს.

რატომღაც ჩვენთან ყველას ჰგონია, რომ დამლაგებლად და ძიძად მუშაობა ადვილი საქმეა. ამ საქმიანობას არასერიოზულად უყურებენ და ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ქართული სააგენტოებისთვის”, - ამბობს ”ჯუთი ბუმის” წარმომადგენელი.

ორ თვეზე მეტია, თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე დასაქმების სააგენტომ მუშაობა შეწყვიტა. სააგენტოს ყოფილი ადმინისტრატორი თათია შუბლაძე ამბობს, რომ შეკვეთების სიმცირე არ ყოფილა, მაგრამ დამსაქმებლის მხრიდან განსაზღვრული მაღალი სტანდარტის გამო, პრობლემა მაინც შეექმნათ.

”დასაქმების კომპანიები, ძირითადად, ძიძებზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ანაზღაურება 400 ლარს იშვიათად აჭარბებს, ძიძისგან ძალიან ბევრს ითხოვენ. ყველას უნდა, რომ მათ მიერ შერჩეული კადრი იყოს მედდა ან პედაგოგი, ფლობდეს უცხო ენას, იყოს კომუნიკაბელური, მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილებით და სხვა. მან უამრავი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, ხოლო ასეთის შერჩევა რეალურად წარმოუდგენელია.

ვინც ამ კრიტერიუმს რეალურად აკმაყოფილებს, ძიძის სამსახურს ნაკლებად ეძებს. საქართველოში დასაქმების სააგენტოების მუშაობა ადვილი არ არის, ნებისმიერ სფეროში პროფესიონალების დეფიციტია და ამან ჩვენს საქმიანობაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ბოლო დრომდე ვფიქრობდით, რომ სააგენტოს შევინარჩუნებდით, მაგრამ ეს რეალურად შეუძლებელი აღმოჩნდა”, - ამბობს თათია შუბითიძე.

უძრავი ქონების სააგენტოებში არსებულ პრობლემას ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე საინვესტიციო აქტივობის შემცირებით ხსნის. 2014 წელს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაიმე წინსვლა არ იგრძნობა. წლის პირველ კვარტალშიც მთლად სასიამოვნო და დამაიმედებელი შედეგები არ ყოფილა.

”უძრავი ქონების ბაზრის ზრდა პირდაპირ კორელაციაშია ქვეყანაში განხორციელებულ უცხოურ ინვესტიციებთან და ეკონომიკური აქტივობის დონის მატებასთან. ორივე თვალსაზრისით არცთუ კარგი მდგომარეობაა”, - აცხადებს კალანდაძე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”