საქალაქთაშორისო გადაყვანებზე  კონკურენცია მძაფრდება

ბაზარზე სერიოზული გეგმებით კომპანია „ინტერტრანსი“ შემოდის, რომელიც საქალაქთაშორისო გადაყვანებზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას აპირებს.

„ინტერ ტრანსი“ არის კომპანია, რომელმაც 2014 წლის 26 მარტს რუსთავი-თბილისის სამარშუტო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სამგზავრო გადაყვანებზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და 15 წლიანი ნებართვა მოიპოვა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ინტერტრანსი“ 2012 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა და მისი ამჟამინდელი 100%-იანი წილის მფლობელი ზაზა ლომიძეა. ის ასევე, შპს „გლდანი ტრანსის“ დირექტორი და მეწილეა, რომელიც გლდანის ავტოსადგურად გადაკეთდა. თავის მხრივ, გლდანის ავტოსადგურს პატარ-პატარა სადგურები აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

როგორც bpn-თან საუბარში ზაზა ლომიძემ განაცხადა, შპს „ინტერტრანსი“ აპირებს საქალაქთაშორისო გადაყვანების ბაზარზე შესვლას და კონკურენციის გაწევას არსებული კომპანიებისთვის.

„გვაქვს ავტოსადგური გლდანში, ასევე რაიონებში, გვყავს ტრანსპორტი და ავტოსადგურებს შორის იმოძრავებს ჩვენი ტრანსპორტი. ჩვენი მომსახურების უპირატესობა ის არის, რომ ძალიან კომფორტულია ჩვენი ავტოსადგურები, გარემონტებული, ახალი აშენებულია და ახალი მანქანებით ვემსახურებით მგზავრებს. სერვისით კონკურენციას გავუწევთ სხვა სამარშუტო ტაქსებს. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან მგზავრობა უფრო იაფი იქნება.

უკვე დაახლოებით 6 თვეა თბილისი-ქუთაისის სადგური მუშაობს და 1 აგვისტოდან ვაპირებთ რეისები სრული დატვირთვით გავიდეს. გავა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, საჩხერე, ჭიათურა, ახალციხე, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი და ა.შ. ვცდილობთ, რომ მთელი საქართველო მოვიცვათ. პირველ ეტაპზე მთავარი მაგისტრალები და ცენტრალური ქალაქები, შემდგომ ამ ქალაქებიდან გაიშლება რაიონული ცენტრები, რომლებიც საქართველოში არსებობს. დღეის მდგომარეობით ასეთი გეგმა გვაქვს და ამ გეგმის გადახვევას არ ვაპირებთ,“- აცხადებს ზაზა ლომიძე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანაზე არსებული კანონმდებლობით არანაირი ნებართვა საჭირო არ არის და ამ ბაზარზე შესვლა თავისუფალია. თუმცა როგორც ზაზა ლომიძე აცხადებს, თუ მსგავსი კონკურსი ჩატარდება, აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობს.

ზაზა ლომიძე მისი კომპანიის წარმატებაში დარწმუნებულია: „რა თქმა უნდა, მომხმარებლები ყოველთვის კომფორს და დაბალ ფასს აირჩევენ, ეს მარტივი წესია, შესაბამისად, კონკურენტებს ჩვენი შეთავაზებებით ვაჯობებთ,“ - აცხადებს ლომიძე.

გიორგი მუშკუდიანი