Malaysia Airlines-ის მომავალი გაურკვეველია

დონეცკში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის შემდეგ, კომპანია Malaysia Airlines-ის აქციების ღირებულება 11%-ით შემცირდა.

ამასთან, მალაიზიის ავიახაზებითვის ეს უკვე მეორე კატასტროფაა წელიწადში. მარტში, აღნიშნული ავიაკომპანიის თვითმფრინავი რეისით MH370 დაიკარგა, რომლის ბედიც ამ დრომდე გაურკვეველია. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ყველა სვამს კითხვას - მოახერხებს კი ”მალაიზიის ავიახაზები” ბაზარზე დარჩენას.

ინვესტიციების აუცილებლობა

კომპანია უკვე რამდენიმე წელია წამგებიანი იყო, ხოლო უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში მისი საბაზრო ღირებულება 40%-ით დაეცა.

ზოგიერთი ცნობით, სახელმწიფო საინვესტიციო ფირმა Khazanah Nasional, რომელიც ავიაგადამზიდის ერთ-ერთი ძირითადი აქციონერია, Malaysia Airlines -ის პრივატიზაციას გეგმავს.

ფირმამ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ავიაკომპანიაში მილიარდ დოლარზე მეტი ჩადო და მიანიშნებდა, რომ სერიოზულ რეკონსტრუქციას გეგმავდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, იმისთვის, რომ კომპანიამ უახლოეს პერსპექტივაში არსებობა არ შეწყვიტოს, მას დამატებითი ინვესტიციები დაჭირდება.

Maybank -ის საინვესტიციო ანალიტიკოსი მოჰშინ აზიზი მიიჩნევს, რომ პრობლემები, რომლის წინაშეც ავიაკომპანია დადგა, "დაუძლეველია". მნიშვნელოვანი სახსრების მოზიდვის გარეშე კომპანია ერთ წელსაც ვერ იარსებებს - მიიჩნევს ექსპერტი.

თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი Malaysia Airlines თანხას იშოვის, მისი სიცოცხლისუნარიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.