საქართველოში ოქრო კლიენტების დეფიციტის გამო იაფდება

”ფაქტობრივად, მომხმარებლის გარეშე დავრჩით”

ოქროს ფასი, მცირე რყევების მიუხედავად, სტაბილურობას ინარჩუნებს. რადიკალურად განსხვავებულია საფასო ტენდენცია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე ძვირფასი ლითონის ღირებულებას ასახავს.

ამჟამად საქართველოში 999 სინჯი 1 გრ ოქროს ფასი 82 ლარს შეადგენს, დაახლოებით, 7 თვის წინ ეს მაჩვენებელი 90 ლარი იყო. თბილისის ”ოქროს ბირჟაზე” ძვირფასი ლითონი 77-78 ლარამდეა გაიაფებული. მოვაჭრეები ასეთ ფასს რეალიზაციის დეფიციტს უკავშირებენ, რის გამოც ხშირად ოქროს ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო პროცესების არაადეკვატურია.

გაიაფდა ოქრო, როგორც ლითონი, რომელსაც ნაკეთობისგან განსხვავებული ფასი ადევს. მოვაჭრეების ინფორმაციით, საიუველირო ნაკეთობების ფასი მონეტების ღირებულებას აჭარბებს. კერძოდ, საქართველოში 1 გრ უმაღლესი სინჯის ოქრო თუ 78 ლარი ღირს, ამავე მოცულობის ოქროს მონეტის ღირებულება 70 ლარს არ აჭარბებს.

უფრო ვრცლად, თუ რა მდგომარეობაა ოქროს ქართულ ბაზარზე, რას უჩივიან მოვაჭრეები და რატომ არ იყიდება საქართველოში ძვირფასი ლითონი, ოქროს ბირჟის მთავარი ვებ-გვერდ ”ოქროსბირჟა.გე”-ს წარმომადგენელი გვესაუბრა. მისი თქმით, ბირჟა რეალური კლიენტების დეფიციტს განიცდის, რის გამოც ხშირად ბაზარი თვითდინებაზეა და საერთაშორისო პროცესებთან არაადეკვატურია.

”კლიენტები არ ჩანან და ეს არის მთავარი პრობლემა. ხალხი ოქროს ყიდულობს მაშინ, როცა ფული აქვს. მოსახლეობის უმრავლესობა ამ შესაძლებლობას მოკლებულია და ბაზარი ასეთ დროს მყიდველების მიღმა რჩება. ძირითადად, ვერცხლეულობა და ბიჟუტერია იყიდება, რასაც ბირჟაზე ყველაზე დაბალი ფასი ადევს. რაც შეეხება ოქროს ნაკეთობას, ამ მხრივ გაყიდვებით პირველ ადგილზეა საქორწილო ბეჭდები და ნათლობის ჯვრები, რისი შეძენაც მომხმარებლისთვის აუცილებლობაა”, - ამბობს ”ოქროსბირჟა.გე”-ს ადმინისტრატორი.

პრობლემებია საიუველირო მაღაზიებშიც, მათ უმეტესობას მუშაობა იმდენად შეუმცირდა, რომ იძულებული გახდნენ, ქართულ ბაზარზე თავიანთი საქმიანობა დროებით შეეჩერებინათ. ოქროს სალონის ყოფილი თანამშრომელი ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ სალონის მუშაობა გაურკვეველი პერიოდით შეჩერდა, სანამ ბაზარზე არსებული ვითარება არ დარეგულირდება. მისი თქმით, მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა საქროწინო ბეჭდებზეც კი.

”ადრე ოქროს საჩუქრის ფუნქციაც ჰქონდა, მაგრამ კარგა ხანია, ამ თვალსაზრისით ოქროს დღეს თითქმის არავინ ყიდულობს. მოთხოვნა საქორწინო ბეჭდებზეც კი შემცირდა, ბოლო დროს შეკვეთები არ შემოდიოდა. ოქროს გაიაფების ტენდენცია თუ გაგრძელდება, ეს სიტუაციას მცირედით მაინც შეცვლის. საშუალო ფენა ძვირფასეულობას არ ყიდულობს, მაღალშემოსავლიანიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თავს იკავებს. მეტიც, ვინც მოასწრო და ოქროულობა გაძვირებამდე იყიდა, ახლა გაჭირვების გამო, თავად ყიდის. ამ მხრივ არასტაბილური ვითარებაა. ნაკლებად მგონია, რომ ოქროს გაიაფება დიდხანს გაგრძელდეს. ასე თუ მოხდება, ბაზრის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს”, - ამბობს ოქროს სალონის ყოფილი თანამშრომელი.

რაც შეეხება საერთაშორისო ბირჟებს, უცხოური ანალიტიკური ჯგუფის ”ადმირალ მარკეტსის” შეფასებით, წინა კვირას მეტად მნიშვნელოვანი იყო ოქროს ფასის მოძრაობის ტენდენცია. კვირის ბოლოს საფასო ცვლილება გამოიწვია პორტუგალიაში განვითარებულმა მოვლენებმა. ირლანდიის შემდეგ პორტუგალია მეორე ქვეყანაა, რომელმაც დაასრულა ევროკავშირისა და სავალუტო ფონდის ანტიკრიზისული პროგრამა. ახლა მთავრობა გეგმავს, დაიწყოს სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვები ბირჟებზე, თუმცა ქვეყანაში საბანკო სისტემებში კვლავ ხარვეზებია. ოქროს ფასი ამ ეტაპზე მარტის მაქსიმუმის - 1339 ნიშნულის ფარგლებშია.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Price of gold decreases in Georgia