ბიზნესასოციაცია - "არბიტრაჟის შესახებ" კანონში ცვლილებები ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

ბიზნესასოციაციის შეფასებით, "არბიტრაჟის შესახებ" კანონში ცვლილებები ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოში "საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ" "UNCITRAL"-ის მოდელური კანონის პრინციპებზე დაფუძნებული არბიტრაჟის განვითარების საფუძველს ქმნის, ბიზნესმენებს დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნო. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ერთ-ერთი პირველი ინიციატორი იყო დღეს წარმოდგენილი ცვლილებებისა. იუსტიციის სამინისტროში პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ ექსპერტები, ბიზნეს წრეების, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, შემუშავებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარებას, გახდის მას უფრო პოპულარულს, იაფს და მიმზიდველს ბიზნეს დავების გადასაჭრელად; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.

კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის, ასევე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების საფუძვლები; მცირდება სახელმწიფო ბაჟი არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე. წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება "არბიტრაჟის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის ხარვეზის გამოსწორება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია, უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს საქმის წარმოება მხოლოდ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით დგინდება, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნით სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას. წარმოდგენილი ცვლილებებით, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, მათ აღარ მოეთხოვებათ შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება ან ადვოკატთა ხელმოწერა. არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხის გადაწყვეტას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ნაცვლად განახორციელებს სააპელაციო სასამართლო.