ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს

რამდენიმე ამერიკულმა ავიაკომპანიამ ისრაელის მიმართულებით, განუსაზღვრელი დროით, ფრენები შეაჩერა, - ამის შესახებ "ასოშეითედ პრესი" იუწყება.

აღნიშნულის მიზეზი გახდა თელ-ავივის აეროპორტთან, პალესტინიდან ნასროლი რაკეტის ჩამოვარდნა. სააგენტოს ცნობით, ამერიკული ავიაკომპანია "დელტას" კუთვნილმა "ბოინგ 747"-მა, რომელიც ნიუ-იორკი-თელ-ავივის რეისს ასრულებდა, იძულებითი დაშვება პარიზის აეროპორტში განახორციელა. აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ იქნა მიღებული. თვითმფრინავის ბორტზე 273 მგზავრი იმყოფებოდა.

ბოლო ინფორმაციით, ბოლო რაკეტა ისრაელის ქალაქ იეჰუდში საცხოვრებელ სახლს დაეცა, რომელიც თელ-ავივის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ კონკრეტდება.

ბოლო ორ კვირაზე მეტია ისრაელი ღაზას სექტორის დაბომბვას ახორციელებს.