მწვანე უბანი ბაგებში - "მეტრა პარკში" ბინების გაყიდვა სექტემბრიდან დაიწყება

"მეტრა პარკი" კომპანია "მეტრა დეველოპმენტის" ახალი პროექტია. პროექტის განხორციელება რამდენიმე წლის წინ დეველოპერულმა კომპანია "იბერიამ" დაიწყო ("იბერია ჰილსი"), დღეს კი მის დასრულება-განვითარებაზე "მეტრა დეველოპმენტი" ზრუნავს.

"მეტრა პარკი" ბაგებში, თბილისი-წყნეთის გზატკეცილის დასაწყისში მდებარეობს. სიახლოვეს უკვე განვითარებულია სოციალური ინფრასტრუქტურის ყველა საჭირო ობიექტი. როგორც "მეტრა დეველოპმენტის" მარკეტინგის დირექტორი, მარიამ ზალდასტანიშვილი აცხადებს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება დღეს უკვე ქალაქის ცენტრალურ უბანშიც შესაძლებელი და ხელმისაწვდომია.

"მეტრა პარკი" 5.5 ჰექტარი მიწის ნაკვეთს მოიცავს. დასახლება 20 საცხოვრებელი სახლისაგან შედგება. სართულიანობა კი ძირითადად ორიდან ექვსამდე იქნება. რაც შეეხება ბინებს, მათი ფართობი 60-დან 200 მ2-მდეა.

"ბინების გეგმარება მრავალფეროვანია. ჩაბარების პირობებს რაც შეეხება, საწყისი კონდიცია მეტრა სტანდარტი გახლავთ, რაც გულისხმობს სრულფასოვან თეთრ კარკასს დამატებულ რიგ სხვა პირობებს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ბინა გარემონტებულიც ჩაბარდეს", – განმარტავს მარიამ ზალდასტანიშვილი.

"მეტრა დეველოპმენტი" საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჯგუფის (რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი) მიერ დაფუძნებული ქართული კომპანიაა, რომელიც თბილისში სხვადასხვა საცხოვრებელ პროექტებს ახორციელებს. ჯგუფი მონაწილეობდა ასევე ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი უბნის, "პარკ თაუნის" განვითარებაში. "მეტრა დეველოპმენტის" პროექტია ასევე "მეტრა ვარკეთილი" - საცხოვრებელი კომპლექსი ვარკეთილში.

"მეტრა დეველოპმენტმა" პროექტი "მეტრა პარკი" 2013 წლის ბოლოს გადაიბარა. მისი დასრულება 2015 დეკემბერში იგეგმება. მარიამ ზალდასტანიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის გაყიდვები მხოლოდ 1 სექტემბერს იწყება, უკვე მოქმედებს "მეტრა პარკში" ბინის დაჯავშნის სისტემა და სექტემბრამდე ნებისმიერ მსურველს, მინიმალური თანხის შეტანით შეეძლება სასურველი ბინის დაჯავშნა.