გვალვის გამო მოსავალს დიდი პრობლემა შეექმნა

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნათესების ბედი ბეწვზე ჰკიდია

გვალვამ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსავალს პრობლემა შეუქმნა. განსაკუთრებით მარცვლეული კულტურა დაზიანდა, საფრთხეშია ვაზიც. ფერმერები შიშობენ, რომ უამინდობის ერთი კვირით გახანგრძლივებაც კი ნათესებს 80 პროცენტით გაანადგურებს.

გლეხებმა კახეთში ხორბლის მოსავლის აღება მოასწრეს, მაგრამ დანაკარგს ვერც ეს დარგი გადაურჩა. მასობრივად დაზიანდა მზესუმზირა, დიდ ფართობებზე სიმინდი, საზამთრო და პომიდორი.

სოფლის მეურნეობაში ძნელად მოიძებნება ისეთი სფერო, სადაც გვალვას გავლენა არ მოეხდინა. სიღნაღის რაიონში აცხადებენ, რომ მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა. საფრთხეშია ვაზიც, რომელზეც მოსახლეობა დიდ იმედს ამყარებდა.

ფერმერ მიხეილ ყანდაშვილის ინფორმაციით, კახეთში მარცვლეული კულტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. თითქმის არ დარჩა სოფლის მეურნეობის არც ერთი მიმართულება, სადაც კარგ შედეგზე შეიძლებოდეს საუბარი.

”საშიში ვითარებაა, ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ასეთი ამინდი კიდევ ერთ კვირას რომ გაგრძელდეს, მოსავალი პირწმინდად განადგურდება. შეიძლება, სადღაც 15-20 პროცენტი გადარჩეს, რაც ოჯახის გამოსაკვებადაც არ იკმარებს. ანალოგიური ვითარებაა დედოფლისწყაროშიც, არ გამოვრიცხავ, ვაზსაც დიდი პრობლემა შეექმნას თუკი თვის ბოლომდე მაინც არ იწვიმებს. მზესუმზირა ისედაც განადგურებულია, სიმინდიც, თუმცა ის მასიურ კულტურად კახეთში არ მიიჩნევა.

მართალია, ხორბალი უკვე ავიღეთ, მაგრამ აქაც პრობლემები იყო. მოსავალს 7 ტონამდე ვვარაუდობდი, მაგრამ 2,5 ტონა მოვიწიე. მე კიდევ არაფერი მეთქმის, სხვები უარეს მდგომარეობაში არიან. შეიძლება, პომიდვრისა და საზამთროს გადარჩენა მოხერხდეს. ვისაც მცირე ფართობებზე აქვს, მორწყვას მეტ-ნაკლებად ახერხებს. მთლიანობაში კი, ამინდის გავლენა სავალალო იქნება. ქვეყანას აქცენტი სოფლის მეურნეობაზე აქვს აღებული, მაგრამ ბუნება არ ამართლებს”, - ამბობს კახელი ფერმერი.

მოსახლეობის ინფორმაციით, იმერეთსა და გურიაში ერთწლიანი კულტურები განადგურების პირასაა. მოსალოდნელია, რომ მოსავალი სერიოზულად შემცირდეს. ახალი მოსავლის მიღებამდე სიმინდის დეფიციტი რეგიონებში უკვე იგრძნობა.

”ძველი მარაგი ამოვწურეთ, ახალი ჯერ არ არის და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. სიმინდი მთელ ფართობებზე შეყვითლებულია, ამინდი თუ უშველის, სხვა მხრივ მოსავალს ვერაფერი გადაარჩენს. იმ მდგომარეობაში ვართ მისული, რომ წვიმა სანატრელი გაგვიხდა.

თხილის მოსავალი გადარჩა, ეს მცენარე დიდი ამტანობით ხასიათდება და მოსავლიანობაში დანაკარგი არ უნდა გვქონდეს. ეს ერთადერთია, სადაც გვალვის გავლენა არ იგრძნობა, რასაც ბოსტნეულზე ვერ ვიტყვით. აქაც პრობლემებია, ამინდი ბოლო დროს სერიოზულ თავსატეხად გვექცა. რაც არ უნდა ვიშრომოთ, შედეგი არ გვექნება, სანამ ბუნება ჩვენს სასიკეთოდ არ შემობრუნდება”, - ამბობს სენაკელი მურად ცაგურია.

კარგი მოსავლის მოლოდინი არც გურულ გლეხებს აქვთ და დღესდღეობით გურიის სოფლებში არსებული მდგომარეობა ძალიან რთულია.

”ხანგრძლივი გვალვის გამო, სიმინდი გაფუჭდა. უკვე გაყვითლებულ ღეროებს რომ ვუყურებ, ფიქრიც კი არ მინდა მოსავალზე. გაჭირვებით მოვახერხეთ ყანის გათოხნა და სასუქის შეტანა.

ახლა საარსებო საშუალებაზე ვფიქრობთ, რით უნდა ვიკვებოთ თუკი მოსავალი გაგვიჩანაგდება? სხვა საარსებო საშუალება არ გვაქვს. სეზონი ისე მიილია, რომ ტყემალი ვერ მოვკრიფეთ, აღარ იყო! არც ბოსტნეულია კარგ დღეში, უიმედო სიტუაციაა”,- ამბობს ამირან გოთუა, ოზურგეთის რაიონის მკვიდრი.

საგაზაფხულო სეზონი კარგად დაიწყო რაჭაშიც, თუმცა უამინდობამ ეს რეგიონიც დააზარალა.

სოფელ ამბროლაურის მცხოვრები გივი მდივნიშვილი ამბობს, რომ გვალვამ სიმინდსა და ხილს სერიოზული დაბრკოლება შეუქმნა, რაც მოსავლიანობაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.

”ხილისთვის სეზონი კარგად დაიწყო, მეგონა გაამართლებდა, მაგრამ გვალვამ მოსავალი დააზიანა. ტყემალს ისედაც არ ესხა, სხვა მხრივ დანაკარგს არ ველოდით. ახლა ხილის გარდა, პრობლემა სიმინდსაც შეექმნა. მოსავლის დიდი ნაწილი გამხმარია. ყანებს წყალი არ უდგება, სარწყავი სისტემა აღარ არსებობს და მოსავლის ავკარგიანობა მთლიანად ამინდზეა დამოკიდებული. გვალვა თუ გაგრძელდება, მოსავალს ვერ შევინარჩუნებთ. ბოსტანს ყოველ საღამოს ვრწყავ და მისი გადარჩენა შევძელი. ეს ერთადერთია, რაც აქ გვალვას გადაურჩა”, - ამბობს რაჭველი გლეხი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”