რა მოსდით მოულოდნელად გამდიდრებულ ადამიანებს?

რა მოსდით ადამიანებს, რომლებიც მოულოდნელად მდიდრდებიან

და რომელთაც გამდიდრების ოცნება რეალობად ექცევათ? აღნიშნულ თემაზე სტატიას BBC აქვეყნებს. მოაქვს კი ადამიანებისთვის ბედნიერება მოულოდნელად გამდიდრებას?

ჭეშმარიტი ბუნება

ფული ადამიანის ცხოვრების სტილს ცვლის - ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ უარყოფითი მიმართულებით.

კეროლ ფაილო აკვირდებოდა, როგორ გამდიდრდნენ მისი ღარიბი მშობლები - მოკრძალებული საბეჭდი კომპანიის საქმეები მოულოდნელად წინ წავიდა. მაგრამ, პირველივე სერიოზული შემოსავლის გაჩენის შემდეგ მშობლებს ფულის წყურვილი გაუჩნდათ.

"დედა ფულზე დამოკიდებული გახდა - ის გამუდმებით განიცდიდა თანხის ნაკლებობას. დროთა განმავლობაში ოჯახში ურთიერთობა დაინგრა. ყველაფერ აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, როცა საკმარისი ფული გაქვს ნორმალური ცხოვრებისთვის, ხოლო სიმდიდრე ამად არ ღირს",- ამბობს კეროლი.

კეროლის აზრს იზიარებს მურატ მორისონი. მან თავისი ტვირთების გადამზიდი კომპანია 1990 იან წლებში გაყიდა და აქედან ცხოვრებისეული გაკვეთილიც მიიღო. "ფულით შესაძლებელია კომფორტის ყიდვა, მაგრამ კომფორტი არ არის ბედნიერება და კმაყოფილება. რამდენიმე წელი სიცარიელეს ვგრძნობდი. კომფორტში ცხოვრება ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესია ბედნიერი იყო".

სიმდიდრე ადამიანის ნამდვილ ბუნებას აჩვენებს, ამბობს პოლ ბუკჰაიტი - "როგორც წესი, სიმდიდრე ადამიანის ხასიათის ძირითად შტრიხებს ააშკარავებს. თუკი შენ გარეწარი ხარ, სიმდიდრე შენ კიდევ უფრო დიდ გარეწრად გაქცევს. მაგრამ, თუკი შენ ცხოვრების მიზანი და აზრი გაქვს, მაშინ ფულმა შესაძლოა იმის თავისუფლება მოგცეს, აკეთო ის, რაც შენთვის მართლა მნიშვნელოვანია".

მდიდრებიც ტირიან

სიმდიდრის უარყოფითმა ასპექტებმა შესაძლოა, დადებითები გადაწონოს - "როდესაც ადამიანებს ასეთი რამ ესმით, ისინი ფიქრობენ - ნეტავ შენი პრობლემები მომცა. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მდიდრები ნირვანაში ცხოვრობენ... რეალურად შენ რჩები იგივე ადამიანად, მაგრამ იცვლება სხვების დამოკიდებულება შენდამი",- ამბობს გამოცემასთან ინტერვიუში ანონიმური რესპონდენტი.

შემდეგ შესაძლოა დაიწყოს პრობლემები ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. "შენგან ბევრი რაღაცას მოითხოვს და ყოველთვის არ არის ადვილი მიხვდე, თუ რატომ არიან ადამიანები შენს მიმართ მზრუნველები. იმიტომ რომ მათ მოსწონხარ, თუ თქვენი ფულის გამო. ხოლო თუკი თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ დაოჯახებული, მაშინ უნდა "იმკითხაოთ", თქვენს რჩეულს თქვენ უყვარხართ თუ თქვენი ფული და ეს შესაძლოა, ვერასდროს გაიგოთ",- ამბობს ინკოგნიტო რესპონდენტი.

თუმცა, რესპონდენტების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ სიმდიდრე, მიუხედავად მასთან დაკავშირებული პრობლემებისა, მაინც ამსუბუქებს ცხოვრებას.

"იყო მდიდარი უკეთესია იმაზე, ვიდრე არ იყო მდიდარი. მაგრამ ეს არც იმდენად სასიამოვნოა, როგორც წარმოგვიდგენია",- ამბობს ანონიმი.

აპეტიტი იმატებს

სიმდიდრის გაჩენისთანავე იცვლება მოლოდინები. "ყველაფერი შეფარდებითია. თავდაპირველად დადიხარ "აუდის" მარკის მანქანით, მდიდრულ რესტორნებში, შემდეგ ამ ყველაფერს ეჩვევი და რაღაც სიახლეს ეძებ, გსურს შემდეგ საფეხურზე გადახვიდე და შედეგად გამოდის, რომ შენი შკალა განულდა - რაც მარტივია აღარ გახარებს",- ამბობს კრისტოფერ ანგუსი, რომელმაც ქონება 4 კომპანიის გაყიდვით იშოვა.

"აღმოჩნდა, რომ როდესაც ფული პრაქტიკულად ნებისმიერი მატერიალური ობიექტის ან სტატუსის მოსაპოვებლად გყოფნის, ვეღარ იღებ სიამოვნებას და კარგავ იმ საგნების ქონის სურვილს, რომელთა შესაძენად ადრე თანხა არ გყოფნიდა",- აღიარებს ანგუსი.

იზოლაციაში

კიდევ ერთი წარმატებული მეწარმე, რომელსაც 20 მლნ დოლარზე მეტი ქონება აქვს, ამბობს, რომ ფული მისთვის ტვირთად იქცა. "30 წლის შემდეგ გავმდიდრდი. სიმდიდრე მსურდა და მე ის მივიღე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არაფერია. უფრო ნელი გზა ფულის შოვნამდე, ალბათ, უკეთესი იქნებოდა ჩემი ცხოვრებისთვის და ჩემი კარიერისთვის. შეუძლებელია ფულზე უარი თქვა. სიმდიდრე თავისთავად, შესაძლოა, ამად არ ღირდეს. მაგრამ, რადგან უკვე მასთან მიხვედი, მასზე უარს ვეღარ იტყვი",- ამბობს მეწარმე.

და თქვენ გსურთ, რომ გქონდეთ ბევრი ფული? არ გეშინიათ, რომ ის თქვენ შეგცვლით? იქნებ საკმარისი გაქვთ? ან ეს საკმარისი რამდენია?