ფსიქოტროპული პრეპარატები 800%-იანი ფასნამატით თავისუფლად იყიდება

”ამ სფეროს სუსტი კონტროლი გარკვეული ბიზნესჯგუფებისთვის მომგებიან საქმედ იქცა”

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" ჩაატარა კვლევა და გამოავლინა, რომ ქვეყანაში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. ძვირადღირებული ნარკოტიკული საშუალებების იაფი მედიკამენტებით ჩანაცვლების პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გასული წლის მიწურულს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროებმა, ერთობლივი კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლას ისახავდა მიზნად.

კანონპროექტი 2014 წლის 24 იანვრიდან შევიდა ძალაში და მის თანახმად, აფთიაქებში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების რეცეპტის წარდგენის გარეშე გაყიდვა აიკრძალა. ასევე გაფართოვდა ამ ტიპის მედიკამენტების ნუსხა. თუმცა, როგორც ახალგაზრდა ფინანსისტები აცხადებენ, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, სააფთიაქო ნარკომანია კვლავ სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას. ფსიქოტროპული მედიკამენტები, მიუხედავად მათი ურეცეპტოდ გაყიდვის აკრძალვისა, კვლავ თავისუფლად და ყოველგვარი ბარიერების გარეშე იყიდება. ამას მოწმობს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების უკონტროლო რეალიზაციის ფაქტს ადასტურებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის მასშტაბით 15-მდე სააფთიაქო დაწესებულებაში სცადეს იაფი ნარკოტიკული თრობისთვის ყველაზე პოპულარული 6 დასახელების ფსიქოტროპული პრეპარატის (გაბაპენტინი, ბაკლოფენი, ზოლომაქსი, ქსანაქსი, დიაზეპამი, ტროპიკამიდი) შეძენა, რაც ყოველგვარი რეცეპტის მოთხოვნის და ბარიერის გარეშე თავისუფლად შეძლეს. ორგანიზაციის წევრებმა, კიდევ ერთხელ გადაამოწმეს ხსენებული პრეპარატების რეცეპტს დაქვემდებარების საკითხი და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დაუდასტურეს, რომ თითოეული ამ პრეპარატის რეცეპტის გარეშე რეალიზაცია წარმოადგენს კანონდარღვევას.

"რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სააფთიაქო დაწესებულებებში ფსიქოტროპული პრეპარატების რეალიზაცია რეცეპტის გარეშე ხდებოდა არა დაუდევრობით, არამედ აბსოლუტურად შეგნებულად და გამყიდველი გარკვეულ "რეკომენდაციებსაც" იძლეოდა სხვადასხვა პრეპარატების მახასიათებლებზე ნარკოტიკული თრობის თვალსაზრისით. როგორც ჩანს, იაფ ნარკოტიკულ თრობაზე მაღალი მოთხოვნა და სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს სუსტი კონტროლი გარკვეული ბიზნესჯგუფებისთვის მომგებიან საქმედ იქცა და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი ყოველწლიურად სწრაფი ტემპებით იზრდება, მათ შორის, მას შემდეგ, რაც რეცეპტის გარეშე რეალიზაცია აიკრძალა. მაღალ მოთხოვნას იმპორტიორები, როგორც ჩანს, მაღალი ფასით პასუხობენ და სხვადასხვა ფსიქოტროპულ პრეპარატებზე 400%-დან 1500%-მდე ფასნამატებს აწესებენ. 2010 წლიდან 2014 წლის (პირველი 7 თვის) ჩათვლით 24 ტონა, 6 დასახელების, 98 მილიონი აბი და ფლაკონი ფსიქოტროპული პრეპარატი შემოვიდა", - ამბობს "აფბას" პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.

”აფბას” განცხადებით, საერთო ჯამში, დასახელებული 6 მედიკამენტის საბაზრო ღირებულებამ 50 მილიონ ლარამდე შეადგინა. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ მედიკამენტების განბაჟება წონით ხდება და რიგ შემთხვევაში, კონკრეტული მედიკამენტი არ არის დაფიქსირებული, ასევე აღსანიშნავია, რომ იგივე სასაქონლო კოდით, რომლითაც ფსიქოტროპული მედიკამენტების განბაჟება ხდება, შემოტანილია 2 მილიარდი ლარის ღირებულების არაკლასიფიცირებული მედიკამენტები, რაშიც, სავარაუდოდ, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს.

"ამ ყველაფრის შედეგი კი მკვეთრად ნეგატიურია, არაოფიციალური მონაცემებით ნარკოტიკული თრობის ამ იაფი წყაროთი ბევრი მოქალაქე სარგებლობს, მათ შორის არასრულწლოვნებიც, არადა ამ მედიკამენტებს საკმაოდ მწვავე უკუჩვენებები გააჩნია და ადამიანის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პრობლემა, კერძოდ, ფსიქოტროპული მედიკამენტები იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას და დაუშვებელია სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გარეშე პრეპარატების მიღების შეწყვეტა. სამწუხაროდ, ეს არის არაეფექტიანი პოლიტიკის შედეგი და სახელმწიფოს ამ მიმართულებით დამატებით მოუწევს ხარჯების გაწევა", - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პაატა ბაირახტარმა.