აშშ-ს ხელისუფლებას Microsoft-ის ფოსტაზე კონტროლის მიღება სურს

აშშ-ს სასამართლომ ინტერნეტ-გიგანტ Microsoft-ს მოსთხოვა, მომხმარებელთა ელექტრონული მიმოწერა ქვეყნის ხელისუფლებას გასაკონტროლებლად გადასცეს.

ამჟამად ელექტრონული წერილები ირლანდიაში მდებარე კომპანიის სერვერზე ინახება.

როგორც თავის ვერდიქტში პროცესის თავმჯდომარემ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს არა შენახვის ადგილს, არამედ საინფორმაციო ნაკადზე კონტროლის შესაძლებლობას.

სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მომენტალურად არ შედის - Microsoft-ს აპელაციის შეტანა შეუძლია. ამასთან, რიგმა ამერიკულმა IT კომპანიებმა პროცესის მიმდინარეობის დროს, ინტერნეტ-გიგანტის მხარე დაიჭირეს.

"არ არის რამე იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე თითოეული მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაცვა დამოუკიდებლად იმისა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ის", - განუცხადა ჟურნალისტებს სატელეკომუნიკაციო კორპორაციის AT&T ვიცე-პრეზიდენტმა უეინ უოტსმა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტების თქმით, კორპორაციები შიშობენ, რომ დაკარგავენ მილიარდობით დოლარს საზღვარგარეთის ბაზარზე, თუკი მათი კლიენტები იეჭვებენ, რომ მათი პირადი ინფორმაცია შესაძლოა, აშშ-ის ხელისუფლების ხელში მოხვდეს და ამის გამო მათ არაამერიკული ფირმების მომსახურება გამოიყენონ.