”ამ დრომდე ექსპორტზე არც ერთი ქართული ცხვარი არ გასულა”

სომხური ცხვარი ქართულ ცხვარზე 1,5-ჯერ დიდია და უფრო იაფიც, ამიტომ მყიდველი მას მეტი ჰყავს.

ქართული ცხვარი ესპორტზე ვეღარ გადის. მეცხვარეთა ასოციაციის განცხადებით, ცხვრის ექსპორტირებისათვის აქტიური სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის უცხოეთში ერთი ცხვარიც კი არ გაყიდულა. სამაგიეროდ, მოთხოვნაა სომხურ ცხვარზე, რომლის ყიდვაც არაბული ქვეყნებისთვის უფრო სარფიანი გამოდგა.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის განცხადებით, უცხოეთის ბაზარზე ქართულ ცხვარზე მოთხოვნა მცირდება. სტაბილური ბაზრის სტატუსს ჯერჯერობით, აზერბაიჯანი ინარჩუნებს. საექსპორტო ქვეყნები კი ირანი და იორდანიაა. რაც შეეხება ლიბანს, ლიბიას და ყატარს, ისინი საექსპორტო ქვეყნების ნუსხას საერთოდ გამოაკლდა. გონაშვილი ამბობს, რომ წელს ქართული ცხვარი აღარც იორდანიაში გაყიდულა. ამ ქვეყანაშიც კი კონკურენტულ მდგომარეობაში სომხური ცხვარი აღმოჩნდა.

მართლაც, ბოლო ორი წელია მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს გავლით, არაბულ ქვეყნებში სომხური ცხვრის ექსპორტი. მეცხვარეთა ასოციაცია კი სომხური პირუტყვის ექსორტის ზრდაში ქართული ცხვრის ბიზნესის შეფერხების რისკს ხედავს. მისი თქმით, უმეტესი არაბული ქვეყანა, სომხური ცხვრის იმპორტზე, ეპიზოოტიური (ჯანმრთელობა) პრობლემების გამო, ნებართვას არ გასცემს. ამიტომ სომხური ცხვარი არაბულ ქვეყნებში ხვდება როგორც ქართული ცხვარი, თანაც ისე, რომ ხშირ შემთხვევაში, 21 დღიან საკარანტინო დაკვირვებასაც არ გადის.

”ღმერთმა არ ქნას და დაავადებული პირუტყვი გადავიდეს არაბულ ქვეყნებში, მაშინ 5 წლის განმავლობაში, საქართველოდან ექსპორტი დაიკეტება. ეს კიდევ უფრო შეარყევს ჩვენი ცხვრის რეპუტაციას, რომელიც ისედაც ძალიან ცუდ დღეშია”- ამბობს გონაშვილი.

სომხური ცხვრის აზერბაიჯანში ექსპორტის მცდელობაც არაერთხელ ყოფილა. გონაშვილის განცხადებით, ეს კიდევ უფრო დიდი რისკია, ვინაიდან კონკურენცია ისევ მძაფრდება. 2013 წელს საქართველოდან 155 ათას სულამდე ცხვარი გავიდა აზერბაიჯანში, 750 სული - ირანში, ხოლო 20 ათასამდე - იორდანიაში.

”აზერბაიჯანში, ძირითადად, ქართული ცხვარი, ხოლო იორდანიაში გასული პირუტყვის უდიდესი ნაწილი იყო სომხეთიდან იმპორტირებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართული ცხვარი იორდანიაში არ გასულა. ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, გაითვალისწინონ ჩვენი ეს გაფრთხილება და საკითხს მიუდგნენ მეტად პრაგმატულად, რათა აღარ დავუშვათ ის შეცდომები, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა. ქართული ცხვრის 12 საექსპორტო ბაზრიდან ჩამოვედით მხოლოდ 2 ქვეყანაზე რაც დივერსიფიკაციის საშუალებას გვაძლევს”, -ამბობს ბექა გონაშვილი და დასძენს, რომ აზერბაიჯანის ბაზრის დაკარგვის შემთხვევაში, მესაქონლეებს კატასტროფული შედეგი დაუდგებათ.

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადების საპასუხოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები განმარტავენ, რომ კარანტინის გარეშე ქვეყანაში ცხვარი ვერ შემოვა და ვერც აქედან გავა. ეს არის კანონდარღვევა, ხოლო თუ ასეთი ფაქტი არსებობს, ის სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიაწოდონ. ” ჯერ ერთი მიმღებ ქვეყანას თავისი მოთხოვნები აქვს, და თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ქვეყანა საქონელს არ მიიღებს. სქართველოში შემოდის კარანტინგავლილი ცხვარი, და ადგილზეც გადის კარანტინს”,-განმარტავენ სააგენტოში.

რაც შეეხება სომხეთიდან ცხვრის შემოყვანასა და მისთვის ქართული ადგილწარმოშობის მინიჭებას, სააგენტოს ინფორმაციით, კანონმდებლობის თანახმად, ამ შემთხვევაში, სომხური ცხვარი 6 თვე მინც უნდა იყოს საქრთველოში ადგილწარმოშობის სტატუსი რომ მიიღოს, ანუ, ქართულ ცხვრად რომ გასაღდეს.

”ცხვრის ექსპორტისას, სერთიფიკატში მითითებულია ადგილწარმოშობა, და თუ ცხვარი სომხეთიდან არის შემოყვანილი, დოკუმენტში აუცილებლად მითითებულია რომ იგი სომხური წარმოშობისაა და არა ქართული. გარდა ამისა, ქართული და სომხური ცხვარი, ვიზუალურადაც განსხვავდება ერთმანეთისაგან და ეს კარგად იცის მყიდველმა. კერძოდ, სომხური ცხვარი ქართულ ცხვარზე 1,5-ჯერ დიდია და ამასთანავე, რუხი შეფერილობისაა”, -აცხადებენ სააგენტოში.

მიუხედავად ამისა, გონაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მესაქონლეობას არასათანადო ყურადღება ეთმობა. იგი აღნიშნავს, რომ საქონლის ექსპორტით ქვეყანაში დაახლოებით 100 მილიონი ნაღდი ფული შემოდის. ”სამწუხაროა, რომ მესაქონლეობას სათანადო ყურადღება არ ექცევა და ქაოსურად ვითარდება”, -ამბობს გონაშვილი.

ხელისუფლებაში ქართულ ცხვარზე ინტერესის შემცირებას მისი სიძვირით ხსნიან. მეცხვარეები კი განმარტავენ, რომ თვითღირებულებაში დიდ როლს თამაშობს საძოვრებზე არსებული მაღალი გადასახადი. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან მეცხვარეთა 70%-ს არ გააჩნია საკუთარი საძოვრები. გარდა ამისა, არსებობს ლოგისტიკური პრობლემები, რაც ფასზე აისახება. ოფიციალური ინფორმაციით, 2012-13 წლებში ცხვრის ექსპორტი 18 მილიონიდან 15,5 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო იმპორტი- 1,5 მილიონი დოლარიდან 900 ათას დოლარამდე.

აღსანიშნავია, რომ ქართული ცხვრის ექსპორტის აღზევება 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც ქართულ ცხვარზე უცხოელებმა ლამის ტაციობა გამართეს, მაშინ მისი ფასი 50-60 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. მოთხოვნამ ნელ-ნელა ფასიც გაზარდა და ერთი სული ცხვრის ღირებულებამ 120 დოლარსაც კი მიაღწია. ამის შემდეგ, მეცხვარეებისთვის რეალიზაციის პრობლემაც დაიწყო.

იმ პერიოდში იმდენი ცხვარი გაიყიდა, რომ სულადობრივი მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. კერძოდ, 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით ცხვრის რაოდენობა 100 ათასი სულით შემცირდა, 2007 წელთან შედარებით კი -241 ათასით. 2011 წელს ცხვრისა და თხის სულადობრივმა მაჩვენებელმა 556 ათასი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2010 წელს 654 ათასი იყო, 2009 წელს- 674 ათასი, 2008 წელს- 769 ათასი, ხოლო 2007 წელს- 797 ათასი. სულადობრივი მაჩვენებლის ზრდა მოხერხდა 2012 წელს- 688 ათასი.

საქართველოში არსებული ცხვრის 80-85% თუშურ ცხვარზე მოდის. თუშური ცხვარი უძველესი ქართული ჯიშია, ის ხალხური სელექციით მე-13-14 საუკუნეებშია ჩამოყალიბებული. თუშური ცხვარი უხეშმატყლიანია და საუკეთესო გემოს ხორცით გამოირჩევა. მისი მატყლი ძვირფასი ნედლეულია ხალიჩებისა და სხვა სახეობათა მოთელილი ნაწარმის დასამზადებლად. მოზარდი ცხვრის წონა 70-75, ნერბებისა კი 40-45კგ-ია.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"