"კაზანტიპის" ფესტივალი დღეს იხსნება

"კაზანტიპის" ფესტივალი დღეს, 20 აგვისტოს იხსნება და 10 დღეს გაგრძელდება.

"რესპუბლიკა კაზანტიპში" ჩასასვლელად 21465 ქართველი და უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა.

როგორც "რესპუბლიკა კაზანტიპის" პრესსამსახურში აცხადებენ, გოგონების უფასო რეგისტრაცია 15 აგვისტოს დასრულდა. "რესპულიკა ძ"-ში შესასვლელი ვიზები, მსურველებს ჯერ კიდევ შეუძლიათ შეიძინონ TBC სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით და კაზანტიპის ოფიციალურ საიტზე. ფასი 300 ლარს შეადგენდა, თუმცა 17 აგვისტოდან უკვე 350 ლარი გახდა, 20 აგვისტოს კი შესაძლოა, 400 ლარსაც გადააჭარბოს.

რაც შეეხება დანარჩენ სტუმრებს, "რესპუბლიკა კაზანტიპის" პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი საერთო რაოდენობა ისევ საიდუმლოა, თუმცა იმის თქმა დაზუსტებით შეიძლება, რომ ათასობით ადამიანი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოდის და სტუმრები მოდიან მსოფლიოს შორეული წერტილებიდანაც კი.

"სატრანსპორტო საშუალებების მრავალფეროვნებაც შთამბეჭდავია: საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანპორტი. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ 20-დან 30 აგვისტომდე, ტერიტორია ანაკლიიდან განმუხურამდე, რეალობის რეალური ალტერნატივის შესაქმნელად, ყველაზე მხიარული, ყველაზე ბედნიერი ადამიანების "ალყაში" მოექცევა.

რაც შეეხება ადგილზე ვითარებას, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. ერთნაირად ემზადებოდნენ როგორც რესპუბლიკის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. ელვისებური სისწრაფით აშენდა საცხოვრებელი თუ კვების ობიექტები.

თითქმის უკვე დასრულებულია ყველა სცენა, სადაც მსოფლიოს უამრავი ვარსკვლავი თუ DJ წარსდგება მსმენელის წინაშე. ჩამოტანილი და დამონტაჟებულია ასეულობით ათასის ღირებულების ტექნიკა.

"რესპუბლიკა კაზანტიპის" ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია სპორტი. ვინც მიჩვეულია დროის აქტიურად გატარებას, ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე საფეხბურთო მოედანი, ფრენბურთის და ტენისის სათამაშო კორტები. გარდა ამისა, დაგეგმილია: საზღვაო ომი, ბუშტების გაშვება, საღებავებით ომი, ბალიშებით ომი და უამრავი სხვა სახალისო ღონისძიება.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ, მათთვის ვინც კვლავინდებურად ეჭვის თვალით უყურებს "რესპუბლიკა კაზანტიპის" ამ პროექტს, რესპუბლიკის პრეზიდენტი მათ მოუწოდებს, დაელოდონ 1 სექტემბერს და შეფასებებიც მას შემდეგ გააკეთონ", - ნათქვამია "რესპუბლიკა კაზანტიპის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.