22 აგვისტოს მერიაში "სითი პარკის" წარმომადგენლებს მოუსმენენ

22 აგვისტოს თბილისის მერიაში კომპანია "სითი პარკის" წარმომადგენლებს მოუსმენენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. "სითი პარკის" საქმიანობა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორისაც იყო.

"ჩვენ მოვისმინეთ პირველადი ინფორმაცია კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების მდგომარეობის, ფინანსების მოძრაობის და სხვა მიმართულებით. ვემზადებით პარასკევს მოსმენისთვის, რათა კონკრეტული კითხვები, რაც საზოგადოებას გააჩნია და რაც ჩვენ გაგვაჩნია, დავუსვათ კომპანია "სითი პარკს" და მთლიანად ხელშეკრულების მიმდინარეობასთან და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოვისმინოთ. ასევე, გავეცნოთ მათ გეგმებს. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო შეხვედრა იქნება და ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც არის დაგროვილი, პასუხი გაეცემა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.