ზაფხულის ყველაზე ”ცხელი” ბიზნესი

სამუშაო დღეებში აკვაპარკს საშუალოდ 600-800 ადამიანი, შაბათ-კვირას კი 1300- 1500 ვიზიტორი სტუმრობს

ზაფხულის ცხელი ამინდები თბილისელებს საცურაო აუზებისკენ და სხვა მრავალი გასარუჯ-გამაგრილებელ დაწესებულებებში ვიზიტისკენ უბიძგებს. იმის გასარკვევად, რას სთავაზობენ თბილისში არსებული აკვაპარკები მომხმარებელს და როგორია მათი ვიზიტორების რაოდენობა, Bpn.ge ”ჯინო ფერედაისისა” და ”ევრო პარკის” წარმომადგენლებს ესაუბრა.

როგორც ”ჯინო ფერედაისის” წარმომადგენელი აღნიშნავს, მათთან ყველაზე დიდი რაოდენობით ”სტანდარტ პაკეტი” იყიდება, რომელიც მოიცავს ღია არეალს, იქნება ეს ტალღოვანი აუზი, ე.წ. მდინარე თუ ა.შ. რაც შეეხება დღის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობას, სამუშაო დღეებსა და უქმეებზე სხვადასხვა მაჩვენებელია. სამუშაო დღეებში აკვაპარკს საშუალოდ 600-800 ადამიანი, შაბათ-კვირას კი 1300- 1500 ვიზიტორი სტუმრობს.

პაკეტების გაყიდვის მიხედვით კი სურათი ასეთია: ერთი დღის განმავლობაში გაყიდვების 60% ”სტანდარტ პაკეტზე”, დაახლოებით 20% კი ”ბიზნეს” და ”ვიპ პაკეტებზე” მოდის. მცირე რაოდენობით იყიდება ”ეკონომ პაკეტი” და ”ექსელენთი”.

როგორც ჯინო ”ფერედაისში” ამბობენ, ამ ეტაპზე მომხმარებელს რამდენიმე სახის ფასდაკლებას სთავაზობენ. ”რამდენიმე აქცია გვაქვს, ”ვიპ პაკეტში” 4 ადამიანს, 2 ადამიანის მომსახურების ფასად შეუძლია შემოსვლა. ”ექსელენთ პაკეტში” 10 ადამიანს შეუძლია, 5 -ის ფასად შემოვიდეს. ფასდაკლებებია საოჯახო პაკეტებშიც”, - აცხადებენ აკვაპარკის მენეჯმენტში.

”ევრო პარკის” ფასები და აქციების ჩამონათვალი კი ასეთია: ერთი ადამიანის მომსახურება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 30 ლარი ღირს, შაბათ-კვირას კი 40 ლარი. ამჟამად ”ევრო პარკში” მიმდინარეობს აქციები : ”ევრო პარკისა” და კომპანია ”ჯეოსელის” ერთობლივი აქცია - ”მეტი”. ამ აქციის პრინციპია - ”ერთი უდრის ორს”. ეს აქცია ყოველდღე მოქმედებს და შესაბამისად, ორშბათიდან პარასკევის ჩათვლით ერთი ადამიანის ვიზიტი 15 ლარი ჯდება. შაბათ-კვირას კი ერთი ადამიანის შესვლა ”ევრო პარკში” 20 ლარი ჯდება. კიდევ ერთი აქცია ”ევრო პარკს” ფასდაკლების საიტ ”სვუპთან” ერთად აქვს. ამ შემთხვევაშიც ფასი თითქმის განახევრებულია. როგორც ”ევროპარკის” მენეჯმენტში განმარტავენ, მომხმარებლის მხრიდან ორივე აქციაზე დიდი მოთხოვნაა. ”ევრო პარკის” უპირატესობა ის არის, რომ 30 ლარიანი ბილეთის შეძენის შემთხვევაში, 7 წლამდე ბავშვის ვიზიტი უფასოა. დანარჩენი აქციების შემთხვევაში კი 3 წლამდე ბავშვის შემოყვანისას ვიზიტორი არაფერს იხდის”, - აღნიშნავს ევრო პარკის მარკეტინგის მენეჯერი, თაკო სოსელია.

მისივე თქმით, თვეების მიხედვით პარკში ვიზიტორთა რაოდენობა განსხვავებულია: ”აგვისტოს თვეში ბათუმში უფრო მეტი მომხმარებელი გვყავს, ვიდრე თბილისში. ივნისი და ივლისი თბილისში უფრო აქტიურია. ამ დროს დღის განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ 300 – 600 ადამიანია. გამონაკლის შემთხვევებში დღის განმავლობაში 800 სტუმარიც გვყოლია”, - აღნიშნავს თაკო სოსელია.

”ევრო პარკში” ამბობენ, რომ მალე მომხმარებელს ახალ აუზს შესთავაზებენ და თუ წლევანდელი სეზონი აკვაპარკში მომხდარი ხანძრის გამო პომპეზურად ვერ გაიხსნა, მომავალი სეზონისთვის უფრო აქტიურად ემზადებიან.

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე ამ მომსახურებას მომხმარებელს მხოლოდ ეს ორი კომპანია სთავაზობს და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ისინი ერთმანეთს პირდაპირ კონკურენტებად არ მიიჩნევენ.

თამარ კორკოტაშვილი