მერიაში დღეს "სითი პარკის" წარმომადგენლებს მოუსმენენ

თბილისის მერიაში, დღეს კომპანია "სითი პარკის" წარმომადგენლებს მოუსმენენ.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. "სითი პარკის" საქმიანობა 20 აგვიოსტოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორისაც იყო.

"ჩვენ მოვისმინეთ პირველადი ინფორმაცია კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების მდგომარეობის, ფინანსების მოძრაობის და სხვა მიმართულებით. ვემზადებით პარასკევს მოსმენისთვის, რათა კონკრეტული კითხვები, რაც საზოგადოებას გააჩნია და რაც ჩვენ გაგვაჩნია, დავუსვათ კომპანია "სითი პარკს" და მთლიანად ხელშეკრულების მიმდინარეობასთან და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოვისმინოთ. ასევე, გავეცნოთ მათ გეგმებს. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო შეხვედრა იქნება და ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც არის დაგროვილი, პასუხი გაეცემა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.