კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შვიდი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შვიდი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოაცხადა.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, კონკურსის გამოცხადებას საფუძვლად შპს "ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის", შპს "არტ რადიოს", შპს "რადიოცენტრი პლუსის" და შპს "კომპანია მედიასტრიმის" განცხადებები დაედო.

კომისიის გადაწყვეტილებით, რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი შემდეგ ქალაქებსა და დაბაში გამოცხადდა: ქ. თბილისში 104,7 მგჰ სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადდა კონკურსი. სალიცენზიო გადასახადის ოდენობა 9 720 ლარით განისაზღვრა; ქ. ზუგდიდში 99,1 მგჰ სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადდა კონკურსი. სალიცენზიო გადასახადის ოდენობამ 6 075 ლარი შეადგინა; ქ. ქუთაისში 99,3 მგჰ სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადდა კონკურსი. სალიცენზიო გადასახადი 8 100 ლარია; ქ. ბათუმში 99,0 მგჰ სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადდა კონკურსი, სალიცენზიო გადასახადის ოდენობა ამ შემთხვევაშიც 8 100 ლარია; ქ. თელავში 98,7 მგჰ სიხშირეზეც გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად. სალიცენზიო გადასახადი 5 265 ლარით განისაზღვრა; დაბა გუდაურში 103.9 მგჰ სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადდა კონკურსი. სალიცენზიო გადასახდელი 1 134 ლარია; დაბა გუდაური 104,7 მგჰ სიხშირეზეც გამოცხადდა კონკურსი კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად. ამ შემთხვევაშიც სალიცენზიო გადასახდელი 1 134 ლარით განისაზღვრა;

შვიდი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2014 წლის 22 სექტემბრის 17:00 საათამდე (თითოეულ ლიცენზიაზე განაცხადი ცალ-ცალკე მიიღება).

რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება, 2014 წლის 25 სექტემბერს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა კი 2014 წლის 24 ოქტომბერს 13 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე კონკურსში მონაწილე პირების სამაუწყებლო კოცნეფციების შესახებ კომისიის დასკვნა გამოქვეყნდება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა 2014 წლის 27 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება და შვიდივე რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირი გამოვლინდება.