"სითი-პარკს" შესაძლოა, ზოგიერთ ტერიტორიაზე ნებართვა გაუუქმდეს

თბილისის მერი დავით ნარმანია კომპანია "სითი-პარკს" პარკირებისთვის გამოყოფილ ზოგიერთ ადგილზე შესაბამისი ნებართვის გაუქმებით ემუქრება.

ამის შესახებ ნარმანიამ თბილისის მთავრობის წევრებსა და კომპნიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა ბენი ლაჰავიმ აღინიშნა, რომ პანდუსების მოწყობა კომპანიის პრეროგატივა არ არის.

"მეც არსად მიწერია, რომ პანდუსები უნდა გაგიმზადოთ. პირიქით, შეიძლება ის ადგილებიც ჩამოგართვათ, რომელიც პარკირებისთვის გაქვთ გამოყოფილი, ჩვენ ყველა ტერიტორიას შევისწავლით, სადაც ოდესმე პარკირების მოწყობის მიზნით თქვენზე ნებართვა გაცემულა", - განაცხადა ნარმანიამ. მისივე განმარტებით, დედაქალაქის მცხოვრებთა კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ნებართვა გაუქმდეს ტროტუარებზე პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით.

”კომპანია "სითი პარკი" თბილისიდან წასვლას არ აპირებს”, - ასე უპასუხა კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ბენი ლაჰავიმ თბილისის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თავად თქვას.

"მადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ჩვენ თბილისის დატოვებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება და გავაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას", - განაცხადა "სითი პარკის" გენერალურმა მენეჯერმა.

ლაჰავის განცხადებით, ის ითხოვს თუნდაც ერთ მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რა ვალდებულება არ სრულდება კომპანიის მხრიდან.