"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო აშენდება

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ორი ახალი პროექტი დაამტკიცა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, ერთი მძლავრი სასათბურე მეურნეობის, მეორე კი მეცხოველეობა-მეფრინველეობასთან დაკავშირებული საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს.

"მძლავრი სასათბურე მეურნეობის მშენებლობას 35 ჰექტარზე თანაინვესტირების ფონდი განახორციელებს. ეს იქნება ძალიან სერიოზული საწარმო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით.

მეორე პროექტი კი აბაშაში მეცხოველეობა-მეფრინველეობის განვითარების კუთხით მომუშავე საწარმოს შექმნას გულისხმობს. მთლიანობაში ორივე საწარმოში 250 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ორივე პროექტში, მთლიანობაში, 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და ის 4 წლის განმავლობაში განხორციელდება.