ევროპული ბიზნესი აფხაზეთში

”საუბარია სერბულ, იაპონურ, ჰოლანდიურ, იტალიურ, თურქულ კომპანიებზე”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, რუსული ბანკების, ტურისტული და სამშენებლო კომპანიების გარდა, აფხაზეთში საქმიანობის დაწყებას არც უცხოური კომპანიები ერიდებიან. აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მათ საინვესტიციო და კომერციული წინადადებით არა მხოლოდ რუსული, არამედ ევროპული ბიზნეს-სუბიექტებიც მიმართავენ. კერძოდ, საუბარია სერბულ, იაპონურ, ჰოლანდიურ, იტალიურ, თურქულ კომპანიებზე, საიდანაც უმეტესობას ოფიციალური წარმომადგენლობა რუსეთში აქვს გახსნილი.

იმის გამო, რომ აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა, ქართული მხარის მიერ იქ არსებული ვითარების დაზუსტებით შესწავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მოქმედებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით აკრძალულია.

”აფხაზები უცხოური კომპანიებისგან ითხოვენ, რომ წარმომადგენლობა გახსნან, თუმცა კომპანიები, გასაგები მიზეზების გამო, ამისგან თავს იკავებენ.

ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნის შემთხვევაში, მათ საქმის კურსში საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩააყენონ. მათ ეს ხელს არ აძლევს, ამიტომ მუშაობენ ფარულად და იყენებენ როგორც რუსეთის, ასევე თურქეთის პორტებს”, - აცხადებს ექსპერტი აფხაზეთის საკითხებში, ”ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია.

უცხოური ბიზნესი ოკუპირებულ აფხაზეთში

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში სამეწარმეო საქმიანობის დაწყების სურვილი არაერთმა უცხოურმა კომპანიამ გამოთქვა. არაოფიციალური ინფორმაციით აფხაზეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი და თურქეთი არიან. თუმცა, როგორც აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, აფხაზეთში საქმიანობის დაწყება სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც სურთ.

აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის ინფორმაციით, პალატას უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საინვესტიციო და კომერციული წინადადებით უცხოურმა კომპანიებმა მიმართა. მათ შორის არიან - სერბული ”გრანდ ეკო აგრარი”; ასევე სერბული ”აგროექსიმი”; ჰოლანდიური ”ჰოპმა ბაუტექნიკი”; იაპონური და ევროპული სამშენებლო ტექნიკის კომპანიები ”კუბოტა” და ”ეუროქომაჩი”; თურქული ”ოზთურქ ბოია” და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ყველა კომპანიას მისამართის გრაფაში რუსეთის ტერიტორია აქვს მითითებული.

ყველა ზემოჩამოთვლილმა კომპანიამ დე ფაქტო ხელისუფლებას საკუთარი ბიზნეს-წინადადებით უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმართა. უფრო ადრე კი აფხაზეთში ბიზნესის დაწყებით სხვა კომპანიებიც იყვნენ დაინტერესებული. მაგალითად, ”ბენეტონმა” სოხუმში მაღაზიაც კი გახსნა, რომელიც შემდგომ დაიხურა. ასევე საუბარი იყო აფხაზეთში იტალიური ”კოკო აგრიფუდის” შესვლაზე. მაშინ სოხუმში კეთდებოდა ხმამაღალი განცხადებებიც, ინფორმაცია აფხაზურ მედიაშიც ვრცელდებოდა, თუმცა დღეს ამ თემაზე ინტერნეტ-გამოცემებში კონკრეტული ინფორმაცია აღარ ვრცელდება.

ასევე უცნობია, დაიწყო თუ არა საქმიანობა ფინურმა ხის სახლების მწარმოებელმა კომპანია ”ჰონკამ” ოკუპირებულ რეგიონში. არადა ადრე ”ჰონკამ” და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომდგენლებმა სადისტრიბუციო შეთანხმებასაც კი მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია მოსკოვში გაიმართა და როგორც ცერემონიაზე აფხაზეთის მაშინდელმა ე.წ. ელჩმა რუსეთში იგორ ახბამ განაცხადა, ”მსოფლიოში ცნობილი კომპანია ”ჰონკა” ერთ-ერთი პირველია დასავლური კომპანიებიდან, რომელიც აფხაზეთში შევიდა”.

”ჰონკამდე” აფხაზეთში უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესება რუსულმა ”ვნეშეკონომბანკმა” გამოთქვა. თუ აქამდე რუსულ დახმარებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნული ბანკის გავლით იღებდა, დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ”ვნეშეკონომბანკი” გაგრის ახალი დასასვენებელ-გასართობი კომპლექსის აშენებას დააფინანსებს.

მანამდე საუბარი იყო, რომ საკუთარი საქმიანობის დაწყებას აფხაზეთში ამერიკული დეველოპერული კომპანია ”ბრიუს თელი” აპირებდა. ეს ინფორმაცია ორიოდე წლის წინ ამერიკულ გაზეთ ”ატლანტიკში” გამოქვეყნდა. სტატიის მიხედვით, ”ბრიუს თელი” აფხაზეთში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის დაწყებას გეგმავდა. თუმცა დღეს, როგორც სხვა კომპანიების, ასევე ”ბრიუს თელის” მიერ ბიზნეს-საქმიანობის დაწყების შესახებაც აფხაზურ მედიაში კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, აფხაზეთში ბიზნესის დაწყებით და ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულები იყვნენ ებრაელი ბიზნესმენებიც. ისინი სიტუაციის შესასწავლად ადგილზეც კი იყვნენ ჩასულები, თუმცა, ჩადეს თუ არა ფული ებრაელებმა აფხაზეთში, უცნობია.

აფხაზეთში ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ სტატია გამოაქვეყნა ”ფორბსმაც”. ამ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ როდესაც ქვეყანას არ აღიარებენ, სხვა ქვეყნის კომპანიები ოფიციალურ ურთიერთობებზე უარს ამბობენ.

”მუდმივი გაუგებრობა გვაქვს აქციონერებთან. მათ უნდათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს, მაგრამ რადგან ჩვენ დასავლეთისგან არ გვაქვს აღიარება, შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ლეგალური ხერხი მოწყობილობების ჩამოტანის არ არსებობდეს. მაგალითად, HP-მ ოფიციალურად გააგზავნა ”აკვაფონის” კონტაქტები თბილისში. საჭირო გახდა შუამავლების მსოფლიო ბაზარზე მოძებნა”, - ამბობს ”აკვაფონის” უფროსი ”ფორბსთან” საუბრისას.

ამავე სტატიის მიხედვით, 2010 წელს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აუკრძალა კომპანია ”ნოკიას” აფხაზეთში მობილური ოპერატორების მოწყობილობის შეტანა. ჩინელებთან მოლაპარაკება მარტივი აღმოჩნდა, ”ჰუავეის” არ აღმოაჩნდა ღია აკრძალვა აფხაზეთთან თანამშრომლობაზე. თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ამ თანამშრომლობის აფიშირება არ მომხდარიყო.

”აფხაზი მეცენატი, ტაიფუნ არძინბა თურქულ ”ნუჰ ცემენტო”-სთან ერთად მოიპოვებს ნახშირს ტყვარჩელის სიახლოვეს. აფხაზეთიდან ნახშირის მოპოვება განსაკუთრებულ რისკს ქმნის. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველო ცდილობს გემები ხელში ჩაიგდოს. ”სამჯერ წაგვართვეს. გამოსასყიდს ითხოვდნენ, მოგვიანებით 1,5 მილიონი დოლარი ჯარიმა უნდა გადაგვეხადა”. ყოველ ჯერზე ქართველები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გემებს არ აბრუნებდნენ. ახლა არძინბას ნახშირი ტუაფსეს გავლით გადააქვს, რის გამოც 300 მილის ზედმეტად გავლა უწევს,” - აღნიშნულია ”ფორბსის” სტატიაში.

კონკრეტულად რომელი უცხოური კომპანია მოღვაწეობს აფხაზეთში, ამაზე დეტალური ინფორმცაია თბილისში არ აქვთ. თუმცა, როგორც ექსპერტი პაატა დავითაია აცხადებს, აფხაზეთში დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ათეულობით კომპანია საქმიანობს.

”ნურავინ  იფიქრებს, რომ დღეს აფხაზეთში ბიზნესს მხოლოდ რუსული კომპანიები აწარმოებენ. ოკუპირებულ რეგიონში მოღვაწეობენ როგორც თურქული, ასევე ინდური, იტალიური, ავსტრალიური, ჩინური, ტაილანდური და სხვა უცხოური კომპანიები. ისინი იქ ბიზნესს როგორც საკუთარი სახელმწიფოს, ასევე ქართული მხარის გვერდის ავლით აწარმოებენ.

აფხაზები უცხოური კომპანიებისგან ითხოვენ, რომ მათ იქ საკუთარი ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნან, თუმცა კომპანიები, გასაგები მიზეზების გამო, ამისგან თავს იკავებენ. ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნის შემთხვევაში, მათ საქმის კურსში საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩააყენონ. მათ ეს არ აწყობთ, ამიტომ მუშაობენ ფარულად და იყენებენ როგორც რუსეთის, ასევე თურქეთის პორტებს”, - განაცხადა დავითაიამ.

მისივე თქმით, უცხოური კომპანიები, მათ შორის რუსულიც და თურქულიც, ძირითადად ხე-ტყის ბიზნესით არიან დაკავებულები. აქტიურად მიმდინარეობს აფხაზეთიდან, კერძოდ კი აიბგას მთიდან შავი მარმარილოს გატანა. გაგრაში სასტუმროებს ფლობენ რუსული და თურქული კომპანიები.

არადა, საქართველოს კანონით ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა. აღნიშნული კანონი კრძალავს საერთაშორისო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას, აგრეთვე საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვებს. აკრძალულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა და ფულადი გადარიცხვები.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით გაიცემა და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, დეოკუპაციას ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

დავითაიას თქმით, მარტო კანონის არსებობა საკმარისი არ არის და აუცილებელია, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში მოქმედი საქართველოს წარმომადგენლობა, როგორც საელჩოები, ასევე საკონსულოები უფრო მეტად გააქტიურდნენ. ბიზნეს-სტრუქტურებს კარგად უნდა გააგებინონ, რომ აფხაზეთში ბიზნესის დაწყება საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით არის სერიოზული დანაშაული და კანონდარღვევა.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”