ვირტუალური ბიზნესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე

”ეს რუსული კომპანია თავად არის თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში წარმოდგენილი, ეს არის შესასწავლი.”

რუსეთში დარეგისტრირებული მომენტალური ფულადი გზავნილების სისტემა ”ზოლოტაია კორონა”, რომელიც რამდენიმე ქართულ ბანკთან თანამშრომლობს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ბანკებთან თანამშრომლობას არ მალავს და საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოსთან ერთად აფხაზეთი იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალში აქვს მოხსენიებული, სადაც მათი სისტემა წარმატებით მუშაობს.

”ზოლოტაია კორონას” დახმარებით ფულის გაგზავნა და მიღება 18 ქვეყანაშია შესაძლებელი. ამასთან, კომპანიას საკუთარ ვებ-გვერდზე ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქვს მიჩნეული.

კომპანიის ინტერნეტ გვერდზე აღნიშნულია, რომ ”ზოლოტაია კორონას” 40 ათასი მომსახურების პუნქტი აქვს და ის განლაგებულია შემდეგ ქვეყნებში: აფხაზეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ვიეტნამი, საბერძნეთი, საქართველო, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, ნეპალი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უზბეკეთი, უკრაინა და ჩეხეთი.

ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ კომპანიის ოფისები მოსკოვსა და ნოვოსიბირსკში მდებარეობს. ფულად გზავნილებთან დაკავშირებული პრობლემებისა თუ სხვა საკითხების გამო შეგიძლიათ საიტზე მითითებულ მისამართებზე წერილი მისწეროთ, ან ნებისმიერ დროს დარეკოთ. დაკავშირება იქვე მითითებულ სამ იურიდიულ პირთან არის შესაძლებელი, რომელთაგანაც ერთი რუსეთის ტერიტორიაზე ფულს გადარიცხვას, მეორე - ”ესენგეს” ქვეყნებში და მესამე - უცხო ქვეყნებში ფულად გზავნილებზე არის პასუხისმგებელი.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში მომენტალური ფულადი გადარიცხვის სისტემიდან ”ვესტერ უნიონი” არ მუშაობს, ყველაზე მეტად დანერგილია სისტემა ”კონტაქტი”, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მთავარ გადარიცხვის სისტემად მიიჩნევა და ამ სისტემას ქართული ბანკებიც იყენებენ. ახლა კი ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი მომენტალური ფულადი გზავნილების სისტემა - ”ზოლოტაია კორონა” მიემატა.

როგორც აფხაზურ საიტებზეა განმარტებული, სისტემა ”კონტაქტი” აფხაზეთში ნებისმიერ ბანკშია და ის ჯიბის ფულის განახლების იოლი გზაა. მაგრამ მათთვის, ვინც ფულს მოსკოვიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან აგზავნის, ყველაფერი მარტივად არ არის. ზოგიერთი ბანკის მონაცემთა ბაზებში აფხაზეთი კვლავ როგორც საქართველოს ნაწილი ისე აღინიშნება, ”ზოლოტაია კორონა” კი აფხაზეთს ცალკე გამოყოფს.

ირღვევა თუ არა ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ კანონი და რა რეაგირების მოხდენა შეუძლია ქართულ მხარეს - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაკავშირებისას აღმოჩნდა, რომ მათ ამ სისტემის აფხაზეთში დანერგვისა და ოკუპირებული აფხაზეთის ქვეყნის სტატუსით მოხსენიების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუმცა, ამ თემაზე დამატებითი კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ეს ფაქტი ძალიან მძიმეა, თუმცა, კანონის მიხედვით, რაიმე სანქციის დაწესება შეუძლებელია.

”ეს არის საოპერაციო სისტემა, მექანიზმი, რომელშიც ჩვენი ბანკებია ჩართული. როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონიდან გამომდინარე ვმსჯელობთ, კანონის რეგულაციით სანქცირება შეუძლებელია. უმთავრესი რაც არის, საქართველოს მთავრობის და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან შეფასება იქნება მნიშვნელოვანი. ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, გადასახადების გადამხდელის ლეგიტიმური მოთხოვნა იქნება, მთავრობამ შეისწავლოს ეს საკითხი, თუმცა, საქმის სანქცირებამდე მისვლა არ მგონია მოხდეს, ისევ იმის გამო, რომ ”ზოლოტაია კორონა” არის სისტემა, რუსული კომპანიის ინტელექტუალური საკუთრება. უხეშად რომ ვთქვათ, ეს ვირტუალურად ოპერირებადი სისტემაა. თუმცა, იმასაც აღვნიშნავ, რომ უპრიანი იქნება, ეს საკითხი მთავრობამ შეისწავლოს და თუკი დამატებითი კითხვები იქნება, პასუხი გასცეს, იმიტომ, რომ არსებობს კანონის ჩანაწერი - საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ბიზნეს საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუშვებელია”, - ამბობს ალაფიშვილი.

მისი თქმით, კანონის მიხედვით სანქცირება შესაძლებელია მაშინ, თუკი კომპანია ან ფიზიკური პირი საქმიანობას წარმართავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ფიზიკურ კავშირს გულისხმობს.

”ეს რუსული კომპანია თავად არის თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში წარმოდგენილი, ეს არის შესასწავლი. ამიტომ უნდა იმსჯელოს მთავრობამ და მყისიერი რეაგირება მოახდინოს”, - დასძენს ალაფიშვილი.

ცნობისათვის, ეს რუსული კომპანიების მხრიდან ქართული კანონმდებლობის უგულებელყოფის პირველი შემხთვევა არ არის. რამდენიმე წლის წინ მაღაზიათა ქსელ ”ბენეტონის” ფილიალი გახსნა სოხუმში რუსულმა წარმომადგენლობამ და მაშინ ამ ფაქტს ქართული ფილიალის დიდი პროტესტიც მოჰყვა. საბოლოოდ ”ბენეტონმა” აფხაზეთში ფილიალი დახურა.

ასევე იყო რუსი დეპუტატების - ვასილ ლიხაჩოვისა და სერგეი კალაშნიკოვის სკანდალიც, რომელიც 2009 წლის აფხაზეთის დე ფაქტო არჩევნებში დამკვირვებლად საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე იყო ჩასული და მას ქართულმა ხელისუფლებამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსით ჩამოსვლის ნება არ დართო, სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო.

ეკატერინე ბასილაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”