ტექნოლოგიური საკლასო ოთახის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ტექნოლოგიური საკლასო ოთახის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა.

კომპანია "იუ ჯი თი"-ს გადაწყვეტილებით, საქართველოს სამ საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური საკლასო ოთახი მოეწყობა. ოთახის მოდელი დღეს "იუ ჯი თი"-მ განათლების სამინისტროში საზოგადოებას წარუდგინა.

პრეზენტატორების ინფორმაციით, საკლასო ოთახის მოდელი აღჭურვილია Acer-ის ინოვაციური ტექნიკის ნიმუშებით, მათ შორის, თანამედროვე ინტერაქტიული სასწავლო/საპრეზენტაციო სისტემით – სმარტ დაფითა და პროექტორით. ოთახში განთავსებულია ნოუთბუქი მასწავლებლისათვის, თაჩ ეკრანიანი ნეტბუქები მოსწავლეებისათვის და მულტიფუნქციური პრინტერი.

პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული ტექნიკის შესაძლებლობები და სწავლების პროცესში გამოყენების მეთოდები გააცნეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში მთელი მსოფლიოსთვის დღეს ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს. მან "იუ ჯი თი"-ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, როდესაც კერძო სექტორი განათლების სისტემასთან თანამშრომლობს.

მისივე თქმით, ერთი ტექნოლოგიური საკლასო ოთახი თბილისში, ხოლო ორი - რეგიონებში განთავსდება. კომპანია "იუ ჯი თი"-ს ვიცე-პრეზიდენტის, გურამ ხოჯანაშვილის ინფორმაციით კი, პროექტის ღირებულება დაახლოებით 80 000 ლარია.