ექსპრესგადამზიდავი კომპანიები - "ფოსტის შესახებ" კანონპროექტი ევროკომისიამ უარყოფითად შეაფასა

"ფოსტის შესახებ" კანონპროექტი ევროკომისიამ უარყოფითად შეაფასა და მონოპოლიური უწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და ექსპრესგადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ავრცელებენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა ნათია კუტივაძემ განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ბაზრის ამ სეგმენტზე ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. უარყოფით გავლენას მოახდენს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე და ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიები DHL, TNT და ორმოცამდე კომპანია იძულებული გახდება, საქართველოს ბაზარი დატოვოს.

"ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული მოდელი ახდენს პრაქტიკულად ბაზრის რერეგულაციას. მხოლოდ "საქართველოს ფოსტას" შეეძლება 30 კილოგრამამდე ამანათების ექსკლუზიური გადაზიდვა და მომსახურების გაწევა. მხოლოდ "საქართველოს ფოსტას", რომელსაც ყველანაირი კონკურსის გარეშე ენიჭება ეროვნული ოპერატორის სტატუსი, შეეძლება ქვეყნის შიგნით 30 კგ-მდე ამანათების გადაზიდვის მომსახურების განხორციელება. გარდა ამისა, "საქართველოს ფოსტას" ეძლევა დარეზერვებული მომსახურების სახით 100 გრამამდე კორესპონდენციის მომსახურება ანუ წერილობითი მომსახურების განხორციელების საშუალება. კანონპროექტით "საქართველოს ფოსტას" კანონისმიერი მონოპოლია ენიჭება რამდენიმე ბაზარზე – საფოსტო და საამანათო ბაზარზე; საბაჟო საწყობების მომსახურების ბაზარზე; კურიერული მომსახურების ბაზარზე და ფულადი გზავნილების ბაზარზე", - აცხადებს კუტივაძე.

მისივე შეფასებით, ასევე არსებობს კომუნიკაციის პრობლემაც ეკონომიკის სამინისტროსა და გადამზიდავ კომპანიებს შორის. კუტივაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებს რამდენჯერმე შეხვდნენ, მიიღეს დაპირება, რომ მოხდებოდა მათი შენიშვნების გათვალისწინება, შენიშვნები არ არის გათვალისწინებული და ივლისის შემდეგ ამ საკითხზე კომუნიკაცია აღარ შემდგარა.

კომპანიების წარმომადგენლები და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" რეკომენდაციებს აძლევენ ეკონომიკის სამინისტროს და მოუწოდებენ, რომ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე უზრუნველყოს საფოსტო მომსახურების ბაზარზე საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგების კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი წესის საქართველოს კანონმდებლობასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა.