საქართველოში ნახევარ მილიონამდე მკვდარი ფირმაა

”ეს არის მიძინებული ან საერთოდ არაფრისშემქმნელი კომპანიები”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყოველთვიურად ათასობით ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირდება, თუმცა აქედან შეიძლება აქტიური 10 კომპანიაც კი არ იყოს. არადა, როდესაც ბიზნესის ხელშეწყობაზეა საუბარი ხელისუფლებაში, სწორედ რეგისტრაციის მაჩვენებლის ზრდით აპელირებენ. ბოლო მონაცემებით საქართველოში 476 ათასი მკვდარი ფირმაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში, 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, 588,7 ათასი ბიზნეს სუბიექტია დარეგისტრირებული, აქედან აქტიური 113 ათასია, ფაქტობრივად, 476 ათასი ვითომ ბიზნეს სუბიექტი მხოლოდ სტატისტიკას ამრავალფეროვნებს.

”საქსტატის” ინფორმაციით, ყველაზე აქტიური ბიზნეს საქმიანობა ვაჭრობაა. ამ სექტორში 124 ათასი ფირმაა დარეგისტრირებული, აქტიური კი -50 ათასია. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ბიზნეს სუბიექტი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ხოლო რომელიც რეალურად მუშაობს, ის ქვეყნის ეკონომიკაში ამინდს ვერ ცვლის. ახლადშექმნილ საწარმოთა უმრავლესობა საქმიანობას მალევე წყვეტს, რადგან ისინი ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას ვერ ახერხებენ. ასე რომ, საქართველოში ბიზნესი არც ისე ყვავის, როგორც ბიზნესის რეგისტრაციის სტატისტიკა აჩვენებს.

საჯარო რეესტრის მონაცემები კი გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირდება. თუმცა, ბოლო თვეების მონაცემებით, ეს სტატისტიკაც უკან მიექანება.

კერძოდ, აგვისტოში ბიზნეს სუბიექტის სტატუსი 3082 პირს მიუღია, ივლისში - 3652-ს, ივნისში - 3733-ს. მაგალითად, თებერვალში 4 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა.

რაც შეეხება 2013 წელს, შარშან ქვეყანაში სულ 47,5 ათასი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა. 2013 წლის განმავლობაში ქვეყანაში რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტებს შორის 96,4% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3,6% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნეს სუბიეტთა უმრავლესობა თბილისშია რეგისტრირებული და დაახლოებით 75% ინდმეწარმის სტატუსის მატარებელია. ბიზნესის რეგისტრაციის მიხედვით, თბილისს იმერეთი მოსდევს, ხოლო მესამე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთია.

სხვათა შორის, ხშირია შემთხვევა, როდესაც მთავრობის ეშელონებიდან ქვეყნის სწორ მართვასა და ეკონომიკურ ზრდაზე აქცენტის გასაკეთებლად სწორედ ბზნეს სუბიექტთა გაზრდილ სტატისტიკას მიუთითებენ ხოლმე. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფარსია და ფირმების უმრავლესობა მხოლოდ ქაღალდზე ”საქმიანობს”.

ექსპერტ სოსო არჩვაძის განცხადებით, ეს არის მიძინებული ან საერთოდ არაფრისშემქმნელი კომპანიები. ასეთი რამ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ხდება. მაგალითად, ამერიკაში ფირმების რეგისტრაციიდან 7 წლის თავზე დარეგისტრირებული ბიზნესის მხოლოდ 10-12% აგრძელეს საქმიანობას. ”არ არის გამორიცხული, რომ ჩვენთანაც ასეთი მდგომარეობა იყოს”, - ამბობს სოსო არჩვაძე და აღნიშნავს, რომ ბიზნესის რეგისტრაცია არის უნარი რაღაც საქმიანობის დასაწყებად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს საქმიანობა წარმატებული იქნება.

საქართველო მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საწარმოების რაოდენობით განვითარებულ ქვეყნებს ბევრად ჩამორჩება. მაგალითად, საქართველოში 3000-ჯერ ნაკლებია მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე საწარმოთა რაოდენობა, ვიდრე ევროკავშირში. ბრუნვის მოცულობის მხრივ კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელია.

”ბიზნესის წამოწყება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად წარმატებას მიაღწევ. მნიშვნელოვანია სამეწარმეო ცოდნა-გამოცდილება, რისკისადმი ადეკვატური დამოკიდებულება და ა.შ. შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი საქმეს წამოიწყებს აღებული კრედიტებით და მერე ვეღარ ახერხებს ბიზნესის განვითარებას. იგი ხდება ბანკის მუდმივი მევალე, ქონების დაკარგვის დიდ ალბათობით”, - ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ფუნქცია უნდა იყოს ბიზნესის სფეროში საქმიანობის დამწყებთა გარკვეული მომზადება, ცოდნის და იფნორმაციის გადაცემა. საჭიროა, მათ ადეკვატურად აღიქვან საქმე, ის რისკი და გამოწვევა, რაც ელოდებათ საკუთარი ბიზნესის წამოწყების შემთხვევაში.

”ბიზნესს აქვს თავისი კანონები, სადაც გამორიცხულია დათმობა, სენტიმენტალობა და ა.შ. ამიტომ კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნაკლები ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირებს შეცდომა არ ეპატიებათ”, - მიიჩნევს სოსო არჩვაძე.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”