საწარმოდან ჭაჭის გატანა იკრძალება

ხარისხიანი ყურძნის ფასი ერთ კილოგრამზე 1 ლარიდან იწყება და 1,10-1,15 ლარს აღწევს

”რთველი 2014”-ის ფარგლებში საფერავის ჯიშის ყურძნის კრეფა და გადამუშავება დასასრულს უახლოვდება და აქტიურ ფაზაში შედის რქაწითელის რთველი. ხარისხიანი ყურძნის ფასი ერთ კილოგრამზე 1 ლარიდან იწყება და 1,10-1,15 ლარს აღწევს, კილოგრამ კახურ მწვანეში კი გლეხებს ღვინის ქარხნები 1,20-1,30 ლარსაც უხდიან. სეტყვისგან, გავლვისგან და სხვა სტიქიური მოვლენებისგან დაზიანებულ ყურძენს გლეხებისგან სახელმწიფო იბარებს - 1 კილოგრამს მინიმუმ 50 თეთრად. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, დაზიანებული ყურძენი საბრენდე სპირიტის დასამზადებლად მიემართება და შესაბამისად, ერთი მტევანიც არ დარჩება ჩაუბარებელი.

ბოლო ცნობებით, მიმდინარე რთველის ფარგლებში დაახლოებით 60 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება მოხდა, რომლის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა დაახლოებით 100 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. რთველის ფარგლებში უკვე დაიკრიფა და გადამუშავდა 30 ათას ტონაზე მეტი საფერავი, 25 ათას ტონაზე მეტი რქაწითელი, დაახლოებით 2 ათასი ტონა კახური მწვანე და სხვა ჯიშის ყურძენი. წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე 35 თეთრს შეადგენს, 1 კგ საფერავზე - 15 თეთრს.

რამდენიმე დღის წინ კახეთში რთველის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე:

”ძალიან საინტერესო იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კახეთში. შესაძლებლობა გვქონდა მისთვის ”რთველი 2014”-ის საკოორდინაციო შტაბის მუშაობის პრინციპები და პროგრესი გაგვეცნო. ის დაინტერესდა ფაქტობრივად ყველა დეტალით და ჩვენ საფუძვლიანად გავაცანით, როგორ ხდება ყურძნის მიღების და მისი გადამუშავების ორგანიზება. შემდეგ პრემიერმა მოინახულა ის ძირითადი სახელმწიფო საწარმო, რომელიც გურჯაანის მახლობლად მდებარეობს და სამუშაო პროცესს გაეცნო.

-რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობის პრინციპი წელს განსხვავებულია გასული წელთან შედარებით?

-ჩვენ ფაქტობრიოვად დავხვეწეთ ის მოდელი, რომელიც გასულ წელს დავამკვიდეთ. ეს არის ინოვაციური, ახალი მიდგომები, ყურძნის სუბსიდირების ახალი სქემა, აღრიცხვის ახალი სისტემა, რომელიც ხარისხის კონტროლის შესაძლებლობას გვაძლევს. რეფორმა ღვინის სექტორში ცოცხალი პროცესია - იცვლება კანონმდებლობა, ნორმატიული ბაზა, ინფრასტრუქტურა ყალიბდება, მევენახეობის კადასტრის საპილოტე პროგრამა დაიწყო წელს. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს ელექტრონულ პროგრამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გლობალურ სქემას, რომლის მიხედვითაც რთველის ორგანიზება, ყურძნის ჩაბარების სუბსიდირება მიმდინარეობს, ის გასული წლის მსგავსია. მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიური მოდელი გამოყენებული იქნება სხვა ძირითადი მრავალწლიანი კულტურების გადამუშავებისთვისაც. ეს პირველ რიგში ეხება ვაშლს და ციტრუსს. ვფიქრობ ეს წარმატებული მოდელი, რომელიც დავნერგეთ მეღვინეობა-მევენახეობაში, სხვა გადამამუშავებელ მრეწველობასაც წაადგება.

-რქაწითელის კრეფა დაიწყო, როგორ მიდის ყურძნის ჩაბარების პროცესი?

- ღვინის ინდუსტრია უკვე თითქმის ასრულებს წითელი ყურძნის მიღებას და რამდენიმე დღეა, რაც გადაერთო თეთრი ყურძნის მიღებაზე. ფაქტობრივად მთელ კახეთში, მასობრივად ხდება თეთრი ყურძნის გადამუშავება. რამდენიმე დღეში ამ პროცესს საგარეჯო და ახმეტის რაიონიც შეურთდება, სადაც მოგვიანებით შედის კონდიციაში ყურძენი.

-მოთხოვნა თეთრ ყურძენზე ისეთივე მაღალია, როგორიც ეს საფერავის შემთხვევაში იყო?

- ხშირად ვამბობ, რომ დისპროპორცია გვაქვს ვენახებს, ადგილობრივ მოხმარებასა და ექსპორტს შორის. მოგეხსენებათ რომ საქართველოდან ექსპორტზე ძირითადად წითელი ღვინო გადის. თუმცა, ქართული ვენახეების სტრუქტურა პირიქით არის მოწყობილი - ძალიან დიდი ნაწილი თეთრ ყურძენს უკავია და მხოლოდ მცირე ნაწილია წითელი. ალბათ ამ მოთხოვნაზე ნელ-ნელა აეწყობა ინდუსტრიაც და ამის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება სტაბილური, რეგულარული მუშაობის რამდენიმე წელი. თუმცა, ამის მიუხედავად თეთრი ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ მოსავლის ნაწილი დაზიანება ბუნებრივი პირობებისგან. ასეთ ყურძენს სახელმწიფო იბარებს და მისგან ისეთ პროდუქტებს დაამზადებს, რომელიც ნაკლებ ზარალიანია, მაგრამ ამავე დროს კერძო სექტორისთვის ნაკლებად საინტერესოა.

მეორე მხრივ, კერძო სექტორის მხრიდან მაღალია მოთხოვნა მაღალი ხარისხის ნედლეულზე, რომლისგანაც მაღალი ხარისხის ღვინოს დაამზადებს. ჩვნთვის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ ყურძნის დაბინავებაა, არამედ ის რომ გრძელვადიანად შევინარჩუნოთ ქართული ღვინის ხარისხი, რეპუტაცია, ბაზრები და ამავე დროს ყურძენიც დაბინავდება.

რამდენიმე ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი წელს, რაც გაზრდის მოთხოვნას თეთრ ყურძენზე. ჩვენ დავიწყეთ იმ გამოწნეხილი მასის მკაცრი კონტროლი, რომელიც თეთრი ყურძნის გადამუშავების შემდეგ რჩება. საწარმოებიდან მიღებული ეს მასა, ანუ ჭაჭა, მრავალი წლის განმავლობაში ღვინის ფალსიფიკაციის წყარო იყო, ეს ღვინო კი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა. საწარმოდან ჭაჭის გატანა ფაქტობრივად იკრძალება. ამაზე გარკვეული სანქციებია დაწესებული და მონიტორინგის ჯგუფი აკონტროლებს. ამავე დროს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დააანონსა კამპანია, რომელიც დაიწყება რესტორნებში ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით და სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს ღვინის ხარისხს ყველა რესტორანში, სადაც ღვინის რეალიზება ხდება. ამ მიდგომით, ფალსიფიცირეული ღვინის ბაზრიდან ამოღება მოხდება და რამდენიმე წელში მნიშვნელოვნად გაიზრდება მოთხოვნას თეთრ ყურძენზე.

ემა ტუხიაშვილი