Petrocas Energy Group-მა მეთანოლის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირება საქართველოს გავლით დაიწყო

პირველად საქართველოს სატრანზიტო კორიდორის ისტორიაში, Petrocas Energy Group-მა, აზერბაიჯანში წარმოებული მეთანოლის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიის გავლით დაიწყო.

"გალფის" ინფორმაციით, აღნიშნული არის მაჩვენებელი საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობის ზრდისა, როგორც კასპიის რეგიონში, ასევე მსოფლიოს ნავთობპროდუქტების სატრანსპორტო რუქაზე.

მათივე ინფორმაციით, ასეთი სახის ტრანზიტის დაწყება შესაძლებელი გახდა Petrocas Energy Group-ის, საქართველოს მთავრობისა და რკინიგზის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. კომპანია "გალფში აცხადებენ, რომ Petrocas Energy Group-მა მეთანოლით ფოთის პორტში დატვირთა პირველი 5000-ტონიანი გემი. ყოველწლიურად იგეგმება 600-700 ათასი ტონა მეთანოლის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით, რაც საქართველოზე გამავალ ტრანზიტს 8-10%-ით გაზრდის.

კომპანიის ინფორმაციით, სულ ახლახანს, Petrocas Energy Group-მა თავის აზერბაიჯანელ პარტნიორთან, კომპანია AZMECO-სთან ერთად დაასრულა მეთანოლის ტერმინალის მშენებლობა ფოთში, რომლის მოცულობაა 30 ათასი კუბური მეტრი. ტერმინალში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 30 მილიონი დოლარი შეადგინა და 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. Petrocas Energy Group ნავთობპროდუქტების შენახვასა და ტრანსპორტირებას თავისივე კომპანია Channel Energy-ს მაღალტექნოლოგიური ტერმინალების მეშვეობით ახორციელებს, რომლებიც ასევე ფოთის პორტშია განლაგებული.

Petrocas Energy Group-ის მთავარი აქციონერია ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი. ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სანავთობო კომპანიებთან საქართველოს სატრანზიტო კორიდორში ნავთობპროდუქტების გადაზიდვების და დამატებითი მოცულობების მოზიდვის კუთხით.