"ენერგო-პრო ჯორჯია" პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს

,,ენერგო-პრო ჯორჯია" აჭარაში ელექტროქსელის შესაძლო დაზიანებების შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისათვის მზად არის. ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, 24-25 სექტემბერს სინოპტიკოსები აჭარაში ამინდის გაუარესებას და უხვ ნალექს პროგნოზირებენ. ,,ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ოპერატიული ბრიგადები მზად არიან, ელექტროქსელის შესაძლო დაზიანებების შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისათვის. ამ დროისთვის მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რათა სტიქიის შემთხვევაში, შეძლებისდაგავრად მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ავარიული გათიშვები და შესაბამისად აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა.

,,ჩვენი ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც მუშაობს, ტარდება ყველა ის ტექნიკური ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს აბონენტის უწყვეტ ენერგომომარაგებას. თუმცა, სტიქიის და ძლირი წვიმის დროს სამწუხაროდ არ არის გამორიცხული დაიტბოროს ტრანსფორმატორები, რასაც შესაძლოა მოჰყვეს დენის მიწოდების შეწყვეტა, ასეთ შემთხვევაში, წყლის ამოტუმბვისთანავე, როგორც კი მუშაობის საშუალება მიეცემა კომპონიის ტექნიკურ სამსახურს, ოპერატიულად იქნება აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება, ჩვენ კოორდინირებულად მუშაობთ აჭარის მთავრობასთან", - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია"-ს დასავლეთ რეგინალური ფილიალის მენეჯერმა კახა ქიტესაშვილმა. მისი თქმით, უხვი ნალექის შემთხვევაში ხდება ისეთი შემთხვევებიც, როცა პრევენციის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხდება დენის გათიშვა.

უხვი ნალექი აჭარაში 20-21 სექტემბერსაც მოვიდა. აღნიშნულ დღეებში დაიტბორა ტრანსფორმატორები, რასაც შესაბამისად აბონენტების ნაწილისთვის დენის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია. ბათუმში არსებული დაახლოებით 65 000 აბონენტიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო 12 000 აბონენტი. ნაწილისთვის დენის მიწოდების აღდგენა მალევე მოხერხდა, დარჩენილ ნაწილს მოგვიანებით მიეწოდა ელექტროენერგია.