„სილქნეტი“ Orange Alliance-ის პარტნიორული პროგრამის წევრი ხდება

საქართველოს ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანია „სილქნეტი“ პარტნიორულ თანამშრომლობას იწყებს გლობალური ტელეკომუნიკაციების ერთ-ერთ ლიდერ კომპანია Orange SA-თან და Orange Alliance-ს უერთდება.

ამ პროგრამის ფარგლებში, „სილქნეტი“ მოიპოვებს წვდომას Orange ჯგუფის ტექნოლოგიური, ოპერაციული და მარკეტინგის სფეროებში დაგროვილ ინფორმაციაზე, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის განვითარებას ტელეკომუნიკაციების დინამიურ და რთულ ბაზარზე. კომპანია Orange ასევე დაეხმარება „სილქნეტს“, მუდმივად განვითარებად სფეროში დარჩეს ლიდერ კომპანიად ქართულ ბაზარზე. პირველ ეტაპზე სილქნეტი Orange-ისგან მიიღებს ინტელექტუალურ, ექსპერტულ რეკომენდაციებს გაყიდვის არხებისა და ინოვაციურ მომსახურებაზე.

პარტნიორობის შემდგომ ეტაპზე განიხილება სხვა სფეროებიც. “მოხარულები ვართ, რომ შევუერთდით Orange Alliance პროგრამას, რომელიც დაგვაახლოვებს მსოფლიო სატელეკომუნიკაციო სექტორს. ჩვენი მომხმარებლები პირველები იგრძნობენ ცვლილებებს, კომპანია დანერგავს Orange Alliance-ის ახალ მეთოდებს, რაც აისახება სტანდარტების გაუმჯობესებაზე და მომსახურების ხარიხის ამაღლებაზე; ამას გარდა Orange Alliance-ში გაწევრიანება საშუალებას მიცემს ჩვენ კომპანიას რომ ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შეთავაზოს მომხმარებელს ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე “ - განაცხადა კომპანია სილქნეტის კომერციულმა დირექტორმა ბაჩო ჩინჩალაძემ.

”სილქნეტი” 2010 წლის მარტში დაფუძნდა და დღეს ის ერთერთი უდიდესი კომპანიაა ქართულ ბაზარზე. 2014 წლის ივლისის მონაცემებით, „სილქნეტი“ ემსახურება 450 000 მომხმარებელს, მათ შორის 228, 219 ინტერნეტ და 93, 738 IPTV აბონენტს. კომპანიაში დასაქმებულია 3 092 სპეციალისტი, მათ შორის 1919 - თბილისში.