წარმოების გაფართოების მსურველ ნებისმიერ ბიზნესმენს პროგრამაში – "აწარმოე საქართველოში" ჩართვის საშუალება ექნება

ნებისმიერ ბიზნესმენს, ვისაც წარმოების გაფართოება სურს, შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში – "აწარმოე საქართველო" და მიიღოს შეღავათიანი სესხი.

ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გუშინ გამართულ ეკონომიკურ საბჭოზე აღინიშნა, სადაც პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილის განმარტებით, დღეისთვის უკვე დამტკიცებულია სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების მქონე 25 პროექტი, რაც ნიშნავს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას. "პროგრამით დაინტერესება იმდენად დიდი იყო მეწარმეებში, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებულ მეწარმეებსაც შეძლებოდათ წარმოების გაფართოება–გამსხვილება. ამ მიზნით მათ შეუძლიათ მიმართონ ბანკებს და ისარგებლონ შეღავათიანი სესხით და მთავრობის თანადაფინანსების პროცენტით", –აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.