,,ენერგო-პრო ჯორჯიამ" ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა

,,ენერგო-პრო ჯორჯიამ" ჩეხეთის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი პიტერ კოვარიკი და ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომას პერნისცკი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დღეს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" ეწვია. კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრისას საუბარი იყო საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" მომავალ გეგმებზე საქართველოში და მის როლზე ქართულ ენერგეტიკულ სექტორში.

კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს "ენერგო–პრო ჯორჯიას" საქმიანობა საქართველოში, კომპანიის მიერ მომავალში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტი და უკვე განხორციელებული ინვესტიციები, როგორც ქსელის რეაბილიტაციისა და ინდივიდუალური გამრიცხველიანების კუთხით, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტრო სადგურებზე.

ჩეხეთის ოფიციალური დელეგაციის წევრები დღესვე გამართავენ შეხვედრებს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან.