”ბიზნესში, როგორც სპორტში, ყველას ერთნაირი სასტარტო პირობა უნდა ჰქონდეს”

კომერციული ბანკების მიერ არასაბანკო საქმიანობაში ჩართვის მონიტორინგს სხვა ქვეყნებში უკვე წლებია ახორციელებენ

ქართული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის რეგულირებაზე უკვე წლებია ლაპარაკობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ოქტომბრის ბოლოს იქნება მიღებული. ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის სახით გამოსცემს - ეს ინფორმაცია სებ-ის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართული დახურული შეხვედრის დროს გაასაჯაროვა. სებ-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის შეზღუდვა დეველოპერულ ინდუსტრიასა და კომერციულ ბანკებს შორის ინტერესთა კონფლიქტს ჩააცხრობს. ამასთან, ქადაგიძე აღნიშნავს, რომ რომელიმე ბანკის აქციონერს ვერავინ აუკრძალავს, ინვესტიცია სხვა ინდუსტრიაშიც განახორციელოს. რაც შეეხება თავად დეველოპერებს, მათი უმრავლესობა აქტივების ფლობის აკრძალვის მომხრეა, თუმცა მენაშენეები იმედს გამოთქვამენ, რომ ეროვნული ბანკი მათთან თანამშრომლობას განაგრძობს და ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენცია წარმოიქმნება, რაც თავისთავად შეუწყობს ხელს სამშენებლო ბიზნესის წინსვლასა და განვითარებას.

კომერციული ბანკების მიერ არასაბანკო საქმიანობაში ჩართვის მონიტორინგს სხვა ქვეყნებში უკვე წლებია ახორციელებენ და მათ სერიოზულ შეზღუდვებსაც უწესებენ, ასე რომ, ეს საკითხი ყველგან აქტუალურია. კომერციული ბანკებისთვის ფასიანი ქაღალდების ფლობა და სადაზღვევო საქმის წარმოება თითქმის ყველა ქვეყანაში ნებადართულია, რასაც ვერ ვიტყვით უძრავი ქონების ფლობაზე.

საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი, ზურაბ გვასალია ამბობს, რომ შეზღუდვები, რომლებზეც მსჯელობა მიმდინარეობს, შიდა ინსტრუქციით ბანკებს ისედაც ჰქონდათ დაწესებული და არაპროფილური აქტივების ფლობას სერიოზული მასშტაბი არასოდეს მიუღია.

ზურაბ გვასალია:

”არაპროფილური ბიზნესი მთელი საბანკო აქტივების 5%-საც არ სცილდება და არც არასოდეს გასცილებია. რეგულაციები შეეხება სამშენებლო ინდუსტრიას და არა ფინანსურ სფეროს, კერძოდ, სადაზღვევო საქმიანობას და საბროკერო კომპანიებს. არაპროფილური აქტივების ყველაზე დიდი ნაწილი დეველოპერულ ბიზნესზე მოდიოდა. არის ბანკები, რომლებსაც არაპროფილური აქტივები საერთოდ არა აქვთ, ან თუ აქვთ, ეს იმდენად უმნიშვნელო ნაწილია, რომ არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. დავუშვათ, უზრუნველყოფაში იყო ჩადებული რაღაც ბიზნესი, ან საწარმო, ბანკმა ის ვერ გაყიდა და იძულებული გახდა თვითონ შეესყიდა. სწორედ ასეთი არაპროფილური აქტივებია ბანკების მფლობელობაში.

საბანკო სექტორს წლების განმავლობაში უსამართლოდ უკიჟინებდნენ, რომ ის დეველოპერთა საქმიანობას აფერხებდა, რადგან არაპროფილური აქტივები ასოცირებული იყო ”საქართველოს ბანკთან” და სამშენებლო კომპანია ”მ2”-თან, მაგრამ ”მ2”-ის წილი მთელ დეველოპერულ ბაზარზე მხოლოდ 3 პროცენტია. ამ სამმა პროცენტმა არ შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს და ხელი შეუშალოს დანარჩენი 97%-ის განვითარებას. კიდევ ერთ არგუმენტს მოვიშველიებ: ”მ2”-ს ერთი თეთრის ოდენობის სესხიც არა აქვს აღებული ”საქართველოს ბანკიდან” და ამ დროს არაერთი კომპანია ვიცი, რომელსაც ”საქართველოს ბანკი” აფინანსებს. აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ საბანკო სექტორი დეველოპერულ კომპანიებს ფლობს და ამით ხელს უშლის დარგის განვითარებას. ჩემი აზრით, ეროვნულმა ბანკმა სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ გამუდმებით ამ საკითხზე აპელირება და საბანკო სექტორისაკენ თითის გაშვერა კომერციულ ბანკებს რეპუტაციას ულახავდა და აზარალებდა”.

გვასალიას აზრით, ეს რეგულაციები სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს საბანკო სექტორის საქმიანობაზე, რადგან არაპროფილური აქტივების წილი მათ ქონებაში იმდენად მწირია, რომ მათი შეზღუდვა და ცალკე გამოყოფა საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება დეველოპერებს, თუ მათ არ ექნებათ სწორი მენეჯმენტი და სწორ პოლიტიკას არ აირჩევენ, ეს რეგულაციები მათ მდგომარეობას ვერანაირად ვერ შეცვლის: ”როდესაც საძირკველს გაჭრი, მერე ბანკში მიდიხარ და სთხოვ, რომ მშენებლობა 100 პროცენტით დაგიფინანსონ, უნდა იცოდე, რომ ნებისმიერი ბანკი უარს გეტყვის. ბანკი შეიძლება თანადაფინანსებაზე დაგთანხმდეს, მაგრამ არა 100-იან დაფინანსებაზე. მერწმუნეთ, ამ სფეროში მონოპოლიისა და კონკურენციის ჩანასახიც კი არ იყო, უბრალოდ დევეპოლერებს თავიანთი პრობლემები რომ გაემართლებინათ, ბანკებისაკენ იშვერდნენ ხელს. ჯერ ძველი მშენებლობა არ ჰქონდათ დამთავრებული და ახალს იწყებდნენ, თანაც 100-პროცენტიან დაფინანსებას მოითხოვდნენ. იმაზე ლაპარაკს, რომ ჩვენ ამ ბიზნესს ხელს ვუშლით, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას!” - ამბობს ზურაბ გვასალია.

bpn.ge სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლების აზრითაც დაინტერესდა და ”საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის”  ხელმძღვანელ ირაკლი როსტომაშვილს ესაუბრა.

ირაკლი როსტომაშვილი: ”ქვეყანაში ამ ტიპის რეგულაციები აუცილებლად უნდა არსებობდეს. აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა კომერციულ ბანკზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია ”საქართველოს ბანკზე”, რომელსაც არაპროფილური აქტივები აქვს. როდესაც ამ მოვლენას ვაკრიტიკებდით, სხვა ბანკების ხელმძღვანელებს უკვირდათ, ჩვენგან რა გინდათო. ფაქტია, რომ ამ სექტორში კონკურენცია იზღუდებოდა, რასაც ”მენაშენეთა ასოციაცია” ყოველთვის აქტიურად აპროტესტებდა და ეწინააღმდეგებოდა. მე მომხრე ვარ ბიზნესში თანაბარი პირობებისა და ჯანსაღი კონკურენციისა”. 

ირაკლი როსტომაშვილს ბოლო ხანებში სამშენებლო სექტორში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებეზეც ვკითხეთ. მისი თქმით, ეს არ არის გამოცოცხლება, თუმცა ამ ბიზნესში დადებითი ტენდენციები აშკარად შეიმჩნევა: ”მე ამას გამოცოცხლებას ვერ დავარქმევდი, უბრალოდ, პროცესი დაიწყო, სასიკეთო დინამიკა იგრძნობა და გაუმჯობესებაც შეინიშნება, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიზნესში წარმატებას უნდა მიაღწიოს იმან, ვინც იმსახურებს. ყველას ერთნაირი სასტარტო პირობა უნდა ჰქონდეს და არა ისე, ვინ ვისი თანასოფლელია და ვის რომელი თანამდებობის პირი უდგას უკან. როგორც სპორტშია: ყველა გუნდი უნდა გადიოდეს მოედანზე 0:0-ის პირობებში და მსაჯი არავის უნდა ემხრობოდეს. მაგრამ თუ ერთ გუნდს თამაშის დაწყებამდე უკვე სამი გოლი ექნება ჩათვლილი, დადებით შედეგს ვერასოდეს მივიღებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არაპროფილური ბიზნესების ფლობა ბანკების მიერ, ხელს უშლიდა ჯანსაღ კონკურენციას, ჯანსაღი კონკურენციის გარეშე კი, ეკონომიკის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია”.

ხათუნა ჩიგოგიძე