”მაშკევიჩის შემოეტყუბას ცდილობდნენ, რომ ციხეში გამოემწყვდიათ”

რას შეცვლის ფარმაცევტულ სფეროში უცხოელი მილიარდერის შემოსვლა?

ალექსანდრე მაშკევიჩი

- ცოტა ხნის წინ ჩვენს საზოგადოებას ეს სახელი და გვარი თითქმის არაფერს ეუბნებოდა და მხოლოდ ”ფორბსის” მილიარდერთა სიიდან იყო ცნობილი. ვიცოდით მხოლოდ ის, რომ მაშკევიჩი 60 წლისაა, ისრაელის უმდიდრესი მოქალაქეა და მისი ქონება 2,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამავე დროს, ალექსანდრე მაშკევიჩი თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა. დღეს უკვე ბევრმა იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ მას გულისხმობდა, როდესაც გასულ წელს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ინკოგნიტო ინვესტორი ახსენა: ”მე უკვე მქონდა მოლაპარაკება ცნობილ ბიზნესმენთან, ჩემს მეგობართან, ჩემი ძველი ნაცნობია. იქნებ ფართო მოხმარების წამლებზე მოვახერხოთ ფასის შემცირება, რაც კიდევ უფრო გაუიოლებს მოსახლეობას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას” - თქვა მაშინ ექსპრემიერმა.

რუსული ფორბსისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს მაშკევიჩზე და წინა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესმენებზე განხორციელებული წნეხზე საუბრისას იხსენებს: "არც უცხოუელ მეწარმეებს ინდობდნენ. ჰკითხეთ საშა მაშკევიჩს, მას საქართველოს ფარმაცევტულ სექტორში პროექტი აქვს. მას და მის პარტნიორებს აქ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნეს. ერთი პერიოდი მას საქართველოში ჩამოსვლაც არ შეეძლო. მის შემოტყუებას ცდილობდნენ, რომ ციხეში გამოემწყვდიათ".

ცნობილია ისიც, რომ ამ დღეებში ალექსანდრე მაშკევიჩი საქართველოს ესტუმრა და სვეტიცხოვლობას დაესწრო, თუმცა ქართული მედიისათვის კვლავ მიუწვდომელი დარჩა, რადგან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. საზოგადოებამ მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, დავით საგანელიძისაგან შეიტყო, რომ შესაძლოა მაშკევიჩმა საქართველოში რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია დააბანდოს და რომ ის სამედიცინო სფეროთი დაინტერესდა. ”თუ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არ იქნება, 10, 50 ან თუნდაც 100 მილიონი, ეს იქნება მნიშვნელოვნად უფრო მეტი” - ამბობს დავით საგანელიძე, თუმცა ვერ აკონკრეტებს, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას ალექსანდრ მაშკევიჩი. მისივე ინფორმაციით, მილიარდერი საქართველოში ბიზნესზე სასაუბროდ არ ჩამოსულა, იგი პატრიარქის მოწვევით სვეტიცხოვლობას დაესწრო. ის, რომ ალექსანდრე მაშკევიჩს საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი აინტერესებს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც დაადასტურა, თუმცა ჯერ არ ვიცით, კონკრეტულად რომელ სეგმენტში აპირებს ინვესტიციის ჩადებას. მართალია, 2013 წლის 9 ოქტომბერს სერგეენკომ თქვა, რომ ალექსანდრ მაშკევიჩს მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და პირველადი ჯანდაცვის სფერო აინტერესებს, მაგრამ თვითონ მაშკევიჩს მსგავსი რამ საჯაროდ არსად უთქვამს.

ასეა თუ ისე, მილიარდერის გეგმები ქართული საზოგადოებისათვის კვლავ გამოცანად რჩება. ამ გეგმების შესახებ ვერაფერს ამბობენ ფარმაცევტულ კომპანიებშიც: ”ჩვენც მედიის საშუალებით გავიგეთ, რომ მაშკევიჩი ფარმაცევტულ სექტორში ინვესტიციის ჩადებას აპირებს, მაგრამ რა როგორ იქნება, არ ვიცით. ჯერ შემოვიდეს, შევხედავთ და მერე შეიძლება კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა, ჯერჯერობით კი, სათქმელი არაფერი გვაქვს” - განუცხადეს bpn.ge-ს მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტს და ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის შემოსვლას დადებითად აფასებენ:

პაატა კიკნაველიძე- პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

”მსხვილი ინვესტორის შემოსვლა ნებისმიერ სფეროში ნიშნავს სტიმულს ეკონომიკისათვის და მეორე მხრივ, ამ დარგისთვისაც. თუ ჩვენს ბაზარზე კიდევ ერთი სერიოზული მოთამაშე შემოვა, კონკურენცია გაიზრდება და ფარმაცევტული პროდუქცია უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახდება. ნებისმიერი დიდი ინვესტიცია ეკონომიკური თვალსაზრისითაც მისაღებია და სამედიცინო სფეროსთვისაც დადებით ეფექტს მოიტანს. ამ სფეროს კი, ნამდვილად სჭირდება ახალი სისხლი, ახალი ინვესტიციები”...

გია თვალავაძე - ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსი:

”რაც უფრო მეტი საიმედო ინვესტორი იქნება ქართულ ბაზარზე, მით უფრო გაიზრდება ფარმაცევტულ სფეროში არსებული რისკებისაგან დაცვის ხარისხი. ამ სფეროში კი, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება - დაწყებული საბაჟოდან, დამთავრებული სააფთიაქო ქსელით: ეს შეიძლება იყოს ისეთი მედიკამენტების დაშვება საზღვარზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი GMP. შესაძლოა, მომავალში იგივე მოთხოვნა წაუყენონ ადგილობრივ წარმოებასაც. თუ მედიკამენტების ხარისხის კონტროლს უფრო მეტი ყურადღება მიექცევა, ეს კარგის მეტს არაფერს მოგვიტანს. იმედი მაქვს, რომ ფარმაცევტულ სფეროში დამატებითი მოთამაშის შემოსვლა ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს, რაც ფასებზეც აისახება. ჩვენთან ძალიან ძვირია ონკოლოგიური და ქიმიურად აქტიური პრეპარატები, კარდიოლოგიური და ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები. რასაკვირველია, ყველა მიესალმება, რომ ძვირადღირებული მედიკამენტები ჩვენს ქვეყანაში უფრო იაფი იყოს. ძალზე მნიშვნელოვანია ინოვაციური პრეპარატების შემოტანა და დანერგვაც. ქართულ ბაზარზე ინოვაციური საშუალებების უფრო სწრაფად შემოსვლა მედიკამენტების ხელმისაწვდომ ფასში გაყიდვას შეუწყობს ხელს. როდესაც ბაზარზე კიდევ ერთი სერიოზული და კონკურენტუნარიანი მოთამაშე იქნება, წამლის ფასიც უფრო ხელმისაწვდომი გახდება”.

ქართულ ფარმაცევტულ სფეროში არსებულ სიტუაციას და ახალი მოთამაშის შემოსვლას გაცილებით კრიტიკულად აფასებს ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელი თინა ტურძილაძე: ცუდი წესებით, რომელიც დღეს გვაქვს, ბაზარზე კარგი თამაში არ გამოვა. კონკრეტული მოთამაშის შესაფასებლად მისი სასაქონლო პორტფელი და ბიზნეს-მოდელი უნდა ვიცოდეთ. ჯერჯერობით არც ერთია ცნობილი და არც - მეორე. დანამდვილებით, ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ახალ მოთამაშეს დიდი ინვესტიცია დასჭირდება, ვინაიდან მოუხდება ერთდროულად რამდენიმე სეგმენტში შესვლა, მაგალითად: საბროკერო, სადისტრიბუციო, სააფთიაქო თუ პირველადი სამედიცინო სერვისები, შეიძლება სხვა მოდიფიცირებაც... სხვაგვარად ის ვერ გაუწევს კონკურენციას საქართველოში მოქმედ, მონოპოლიური ძალაუფლების მქონე კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე წლების განმავლობაში საქმიანობენ და აქ უკვე თავი დამკვიდრეს”.

ხათუნა ჩიგოგიძე