10 უმსხვილესი ”ქართული” კომპანია

ყველაზე ”ღარიბი” დღეში დაახლოებით 550 მილიონი დოლარის მოგებას იღებს, ეს კი საათში 23 მილიონია

მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების სიის შედგენისას უმთავრეს კრიტერიუმად კომპანიის წლიურ შემოსავალს მიიჩნევენ. როგორც წესი, ამ სიაში ყველაზე ”ღარიბი” დღეში დაახლოებით 550 მილიონი დოლარის მოგებას იღებს, ეს კი საათში 23 მილიონია. მართალია უმსხვილესი ქართული კომპანიების შემოსავალი ამ გიგანტებთან შედარებით მოკრძალებულია, მაგრამ შემოსავალს არც ისინი უჩივიან. ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა საქართველოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. გთავაზობთ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი 10 უმსხვილესი კომპანიის სიას, რომელიც 2013 წლის მაჩვენებლების მიხედვითაა შედგენილი. სიაში საბანკო და სადაზღვევო სექტორი არ შედის და კიდევ - ამ კომპანიების უმრავლესობა სულაც არ არის ქართული, ისინი სხვა ქვეყნებში დაარსებული მსხვილი მოთამაშეების ”შვილობილები” არიან.

1. ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” - კომპანია აზერბაიჯანული ”სოკარის” შვილობილმა - ”სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” დააფუძნა 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. იგი საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2006 წლის სექტემბერში შემოვიდა. ”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის” ყოველთვიური ბრუნვა რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანიას 2006 წლიდან 2013 წლის ჩათვლით დაახლოებით 2 698 891 ტონა ნავთობპროდუქტი აქვს იმპორტირებული. ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” სწრაფად მზარდი კომპანიაა, მისი ავტოგასამართი სადგურების ქსელი თანდათან ფართოვდება მთელ საქართველოში. კომპანიაში ამჟამად 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

2. შპს "ტოიოტა კავკასია"

- ტოიოტას ოფიციალური დისტრიბუტორია კავკასიასა და შუა აზიაში. ”ტოიოტა” მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომანქანების მწარმოებელია და საქართველოშიც წარმატებით საქმიანობს. ”ტოიოტა”-ს ისტორია XIX საუკუნეში იწყება, როდესაც საკიჩი ტოიოდამ იაპონიაში პირველი ელექტროსართავი დაზგა გამოიგონა, რითაც ქვეყნის ტექსტილის წარმოებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, ხოლო მისი შვილი კიიჩირო ავტომობილების წარმოებით დაინტერესდა და 1937 წელს დაარსა კორპორაცია, რომელიც თანდათან გაიზარდა და ნამდვილ გიგანტად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ ”ტოიოტამ” გრძელი გზა განვლო სართავი დაზგებიდან - ავტომობილებამდე.

3. ”საქართველოს რკინიგზა” - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან. ორი კონტინენტის ერთმანეთთან დაკავშირების იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა. შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო, ხოლო 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. სწორედ ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის "დაბადების დღედ". საქართველოს რკინიგზის მშენებლობა სწრაფი ტემპით ხორციელდებოდა და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, მთელი ქვეყანა მოიცვა. 2012 წლის 12 აპრილს შპს "საქართველოს რკინიგზა" გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, რომელსაც ათასობით ადამიანი გადაჰყავს ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

4. ”ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”

- ”ვისოლ ჯგუფი” ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკა, არამედ თითქმის ყველა სფერო მოიცვა - იგი სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და სწრაფი კვების რესტორნების ბიზნესსაც ავითარებს. ”ვისოლ ჯგუფის” შვილობილი ბრენდებია: სუპერმარკეტების ქსელი ”სმარტი" სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ”ვენდი”, დეველოპერული კომპანია ”ველაჯიო” და სარეკლამო კომპანია "ალმა". ”ვისოლ ჯგუფი” ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც 2010 წელს ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე წარმატებულ ევროპულ კომპანიათა ათეულში შევიდა.

5. ”ბიპი საქართველო”

- ”ტიოტას” მსგავსად, ”ბრიტიშ პეტროლიუმი” ანუ ”ბიპი”, ყოველთვის ხვდება არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების ათეულში. კომპანიის საქმიანობის სფეროა ნავთობი და გაზი. ”ბრიტიშ პეტროლიუმის” სათავო ოფისი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მდებარეობს. მას შემდეგ, რაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთ კავკასიური გაზსადენი ექსპლუატაციაში შევიდა, ”ბიპი”-ს მილსადენების ქსელი საქართველოშიც გაჩნდა. ”ბიპი საქართველოს” საქმიანობის მთავარი სფეროა ნავთობსადენები და გაზსადენები, მათი პროექტირება, მშენებლობა და რემონტი.

6. ”სან პეტროლიუმ ჯორჯია” ანუ ”გალფი” - ლიდერი ნავთობკომპანიაა ქართულ ბაზარზე. 2010 წლის მარტიდან ცნობილ საერთაშორისო ბრენდს საქართველოში შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" წარმოადგენს. მსოფლიო ბრენდი 1901 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა. დღეისთვის Gulf oil international ნავთობპროდუქტების დისტრიბუციას 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა მსოფლიო ბაზარზე. ”გალფი” 140 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით, კომპანიაში დღეს 1300-ზე მეტი დასაქმებულია და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

7. ”სოკარ ჯორჯია გაზი” - საქართველო აზერბაიჯანის უახლოესი პარტნიორია რეგიონში, ის აზერბაიჯანს ევროპასთან აკავშირებს. ამგვარი ურთიერთობების ფონზე, გასაკვირი არაა, რომ ”სოკარმა” უდიდესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება სწორედ საქართველოში წამოიწყო. ამოქმედდა ”სოკარის” შავი ზღვის ტერმინალი ყულევში, საიდანაც დაუმუშავებელი ნავთობისა და საწვავი პროდუქტების დასავლეთში ტრანსპორტირება ხორციელდება. საქართველოში წარმატებით მოქმედი გაზის სადისტრიბუციო ქსელის მნიშვნელოვანი წილი სწორედ ”სოკარის” მმართველობაშია.

8. ”რომპეტროლ საქართველო” - ”რომპეტროლ NV” ერთ-ერთი მსხვილი ნავთობკომპანიაა რუმინეთში. კომპანია 12 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოშიც. ”რომპეტროლ ჯგუფი” ფლობს 1000-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს ექვს ქვეყანაში - რუმინეთში, მოლდოვაში, ბულგარეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და საქართველოში. 2007 წელს, ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია ”ყაზმუნაიგაზის” მიერ ”რომპეტროლ ჯგუფის” შეძენის შემდგომ, ”რომპეტროლი” ცენტრალურ აზიაში არსებული ბუნებრივი რესურსებსა და ევროპულ ბაზრებს შორის დამაკავშირებელ ენერგეტიკულ ხიდად გადაიქცა.

9. ”ლუკოილი” - ღია სააქციო საზოგადოება ”ლუკოილი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობისა და გაზის ტრანსნაციონალური კომპანიაა. დაარსების დღიდან, კომპანია მუდმივად იზრდება და ფართოვდება. კომპანია მოიცავს რუსეთის ტერიტორიას, ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკის, აზიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც. ”ლუკოილ ჯორჯია” სწორედ ”ლუკოილის” შვილობილი კომპანიაა. ”ლუკოილის” პირდაპირმა ინვესტიციებმა საქართველოში 2002-2005 წლებში დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

10. ”ენერგო-პრო ჯორჯია”- ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი მოთამაშეა ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების სფეროში. ”ენერგო-პრო” ჯგუფი, თავის მხრივ, აერთიანებს ელექტროენერგიის გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, საქართველოსა და თურქეთში. დღესდღეობით ”ენერგო-პრო” ჯგუფის აქტივების საბაზრო ღირებულება 650 მლნ ევროს აღემატება. ამ ჯგუფის ინტერესის სფეროში შედის ჰიდროენერგეტიკა, მათ 12 ჰიდროელექტროსაგური აქვთ ჩეხეთის რესპუბლიკაში, 14 - ბულგარეთში, 15 - საქართველოში და 5 - თურქეთში;

ხათუნა ჩიგოგიძე

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: 10 largest companies in Georgia