ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სიას გაზგასამართი სადგური ემატება

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სიას გაზგასამართი სადგური ემატება.

ამასთან, განისაზღვრება პასუხისმგებლობის ზომები ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით, როგორიცაა გაზგასამართი სადგურის ფარული ექსპლუატაცია, ექსპლუატაციის წესების დარღვევა, ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი ავარიის, უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა. აღნიშნული ქმედებისთვის ფულადი ჯარიმა 200-ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში წესდება, ქმედების სიმძიმის შესაბამისად.

ამ ყველაფერს "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის ინიციტივით პარლამენტს დღეს წარედგინა. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

როგორც პროექტის ინიციატორი განმარტავს, სადღეისოდ გაზგასამართი სადგურის საქმიანობა, სადაც საშიში საწარმოო პროცესები მიმდინარეობს, არანაირ კონტროლს და ზედამხედველობას არ ექვემდებარება.