გაყინულმა ხორცმა ქართული წარმოება დაიპყრო

წლიდან წლამდე დაბალი ხარისხის ხორცპროდუქტების იმპორტი თვალდათვალ იზრდება

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ადგილობრივ წარმოებაში გაყინული იმპორტირებული ხორცის გამოყენება პიკზეა. რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოები, ძირითადად, სწორედ იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა წილი უჭირავს გაყინულ ხორცს ადგილობრივ წარმოებაში, არ არსებობს, თუმცა ძალიან მაღალი რომ არის, ამაზე იმპორტის მუდმივი ზრდა მეტყველებს. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ადგილობრივ წარმოებაში გაყინული პროდუქტის წილი დაახლოებით 80-90%-ს შეადგენს.

საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 55 ათას ტონა ხორცს მოიხმარს. აქედან, ნახევარზე მეტი იმპორტირებული დაბალი ხარისხის ხორცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, მასზე მოთხოვნა მაინც მაღალია. ოფიციალური სტატისტიკით, წელს, იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში უკვე შემოვიდა 12 147,6 ათასი დოლარის გაყინული საქონლის ხორცი და 20 261,9 ათასი დოლარის გაყინული ღორის ხორცი. წინა წლების სტატისტიკა კი ასეთია: 2011 წელს ქვეყანაში სულ 20 710,3 ათასი დოლარის საქონლის გაყინული ხორცის იმპორტი განხორციელდა, 2012 წელს - 22 368,7 ათასი დოლარის, 2013 წელს კი - 16 682,3 ათასი დოლარის.

რაც შეეხება ღორის ხორცს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წელს ქვყანაში 18 858,3 ათასი დოლარის ხორცი შემოვიდა, 2012 წელს - 28,812,9 ათასი დოლარის, 2013-ში კი - 33 993,6 ათასი დოლარის.

მნიშვნელოვნადაა გაზრდილი შინაური ფრინველისა და სუბპროდუქტების იმპორტიც. მაგალითად, 2011 წელს ქვეყანაში სულ 66 104,0 ათასი დოლარის ფრინველის ხორცის და სუბპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 69 844,4 ათას დოლარამდე გაიზარდა, 2013 წელს - 71 424,3 ათას დოლარამდე, წელს, 8 თვეში კი 42 483,7 ათასი დოლარის შინაური ფრინველი და სუბპროდუქტები შემოვიდა. იმპორტის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ გაყინულ პროდუქტზე მოთხოვნა მატულობს. დღესდღეობით რესტორნების, სწრაფი კვების ობიექტების თუ ნახევარფაბრიკატების მწარმოებლები, ძირითადად, გაყინულ ხორცს იყენებენ. მიზეზი ერთადერთია - დაბალი ფასი. ადგილობრივ ხორცს მხოლოდ მოსახლეობა ყიდულობს საოჯახო კერძების მოსამზადებლად.

გაყინული ხორცი რამდენიმე ქვეყნიდან შემოდის. ლიდერი ქვეყნების სამეული ასეთია: ბრაზილია, არგენტინა, ინდოეთი. სპეციალისტების თქმით, გაყინული პროდუქტი, ადგილობრივ ხორცთან შედარებით, იაფია და მაღალი მოგების მისაღებად სწრაფი კვების ობიექტებისა და რესტორან-სასტუმროების მხრიდან მასზე მოთხოვნა დიდია. ხორცის ხარისხის კონტროლი, უმეტეს შემთხვევაში, მწარმოებელ ქვეყანაში ხდება და პროდუქტი საქართველოში შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატით შემოდის.

ექსპერტს სასურსათო უვნებლობის საკითხებში, ეთერ სარჯველაძეს უჭირს იმის თქმა, თუ რა წილი უჭირავს ადგილობრივ წარმოებაში გაყინულ ხორცს. სპეციალისტი ამბობს, რომ ასეთი კვლევა არ ჩატარებულა და თანაც, ეს მონაცემები კონფიდენციალურია.

”გაყინული ნახევარფაბრიკატებით ბაზარი გაჯერებულია, მაგრამ ისინი წარმოებაში გაყინულ ხორცს იყენებენ თუ ახალს, ეს უცნობია. ამაზე ინფორმაცია კონფიდენციალურია. ასევე ასაიდუმლოებენ ინფორმაციას სწრაფი კვების ობიექტებიც. რაც შეეხება მავნებლობას, გაყინული ხორცი არ არის საშიში და მავნებელი თუკი ტექნოლოგიური პროცესი, ანუ ჯაჭვი დაცულია. თუ სასაკლაოდან მომხმარებლამდე ხორცი იმ წესების დაცვით მიდის, რაც არსებობს, პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიში არაა. სურსათის ეროვნული სამსახური წარმოებას ამოწმებს, კონტროლიც გამკაცრებულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ კონტროლი ჩვენც, რიგითმა მომხმარებელმაც განვახორციელოთ. თუ ეს ასე მოხდება, ბაზარზე მავნე პროდუქციის წილი მინიმუმამდე შემცირდება”, - განაცხადა ეთერ სარჯველაძემ.

მომხმარებელთა უფლებების დამცველის მადონა კოიძის განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, გაყინული ხორცის კონტროლი გამკაცრებულია. შესაბამისად, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ გაყინული ხორცი ჯანრმთელობისთვის მავნებელი არ არის. მეორე მხრივ კი, ის გაცილებით დაბალი ხარისხისაა, ვიდრე ადგილობრივი წარმოების ხორცი და მომხმარებელს თავად აქვს არჩევანის შესაძლებლობა, იაფიანი გაყინული ხორცი იყიდოს თუ შედარებით მაღალფასიანი ადგილობრივი ხორცი. კოიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში შემოსვლამდე ხორცი შემოწმების რამდენიმე ეტაპს გადის. სურსათის უვნებლობის სამსახური ხორცის იმპორტიორ ქვეყანაში აგზავნის წარმომადგენელს და ადგილზე ამოწმებს საწარმოს. შემდეგ იმპორტირებულ ხორცს ლაბორატორიული შემოწმება საბაჟოზე უტარდება. დამატებით მოწმდება იგი სარეალიზაციო ქსელშიც.

”ხორცის კონტროლი გამკაცრებულია და აღმოფხვრილია ის რისკფაქტორები, რომელიც უვნებლობას უკავშირდება. ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც შემოწმებული ხორცი ჯანმრთელობისთვის მავნე აღმოჩნდა და განადგურებას დაექვემდებარა. ერთია, რომ იმპორტირებული ხორცის ხარისხი არის დაბალი და მომხმარებელს შეუძლია გააკეთოს არჩევანი მაღალი ხარისხის ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებულ ხორცს შორის”, - ამბობს კოიძე.

ზოგადად საქართველოში და არა მარტო აქ, გაყინული ხორცის წარმოებაში გამოყენება ყოველწლიურად იზრდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი ხორცის დიდი ნაწილი ქიმიური და ჰორმონალური მანიპულაციით მიიღება. მაგალითად, სტეროიდულ ჰორმონებს ფართოდ იყენებენ საქონლის კუნთოვანი მასის გასადიდებლად და, შესაბამისად, ხორცი იაფი ჯდება. სტეროიდული ჰორმონებია ყველაზე საშიში ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი ცხოველთა ორგანიზმში არ იშლება, უძლებს დუღილს და ხანგრძლივ შენახვას. ჰორმონები გროვდება ორგანიზმში და შემდგომში არღვევს ნივთიერებათა ცვლას.

”მამალი ორი-სამი კვირა რომ ვკვებოთ მარცვლით, რომელსაც დამატებული აქვს ქალის სასქესო ჰორმონები, დედლად გადაიქცევა. მართალია, კვერცხს ვერ დადებს, მაგრამ ბიბილო დაუმოკლდება და ბუმბული გაუხუნდება. არასრულფასოვან ხორცთან და რძესთან ერთად, ადამიანები იღებენ ჭარბ ჰორმონებს. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს ონკოლოგიური დაავადებათა ზრდა, სექსუალური ფუფუნების დასუსტება, ქალთა უნაყოფობა და მამაკაცთა ფემინიზაცია”, - ამბობს ექსპერტი, პროფესორი რამაზ გახოკიძე.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”