"სინათლის ქალაქის" ენერგომომარაგებას "თელასი" განახორციელებს

სს "თელასმა" და შპს "სინათლის ქალაქმა" ენერგომომარაგების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.

"თელასის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით, კომპანია "სინათლის ქალაქის" ელექტროენერგიით მომარაგებას სს "თელასი" განახორციელებს. შპს "სინათლის ქალაქი" თბილისის გარე განათებას უზრუნველყოფს. აღნიშნული კონტრაქტის მეშვეობით, "სინათლის ქალაქის" ენერგომომარაგების საიმედოობა საგრძნობლად გაიზრდება, ხოლო კომპანიის დანახარჯები ელექტროენერგიის შესყიდვაზე სტაბილური გახდება.

მათივე ინფორმაციით, შპს "სინათლის ქალაქი" ყოველწლიურად 50 მილიონ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს. სს "თელასსა" და შპს "სინათლის ქალაქს" შორის დადებული ხელშეკრულება 2015 წლის ბოლომდე იმოქმედებს. ამჟამად ანალოგიური ხელშეკრულების ხელმოსაწერად სს "თელასი" მოლაპარაკებას შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან" აწარმოებს.