"ენერგო-პრო ჯორჯია" გარემოს დაცვის კუთხით ახალ პროექტს იწყებს

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

კომპანიის ინიციატივით "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის მომსახურების ცენტრში სამუშაო შეხვედრა, საღორიის ტყის ეკოსისტემის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების თემაზე გაიმართა. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება იმ ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ითვალისწინებენ საღორიის ტყეში მუხნარის გადარჩენას, აღდგენასა და დაცვას. ამისთვის, ენერგო-პრო ჯორჯია გეგმავს კომპანიის მფლობელობაში არსებული რიონის ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო არხის მარცხენა მხარეს არსებული დაჭაობებული უბნების დასაშრობი ღონისძიებების განხორციელებას.

"ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება და ეკოსისტემების დაცვა ენერგო-პრო ჯორჯიას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ეკოლოგიურმა სამსახურმა განახორციელა დაჭაობებული უბნების კვლევა და შეიმუშავა მისი დაშრობის საინჟინრო-მელიორაციული ღონისძიებების პროექტი. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების შემდეგ, კომპანია გეგმავს დაზიანებული მუხნარის აღდგენისა და დამატებით ფიტო-მელიორაციული სამუშაოების ჩატარებას, რაც გულისხმობს ევკალიპტების დარგვას ჭაობის ამოშრობის მიზნით", - განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ეკოლოგმა მარიამ მჭედლიშვილმა.